მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

60389e99caf35
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.21 11:06
1586
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა. ასეთი ვარდნა უკავშირდება საბაზო ეფექტს, რადგან 2020 წლის იანვარში საქართველოში COVID-19-ის კრიზისი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, 2021 წლის იანვარში კი, ქვეყანაში "ლოქდაუნი" იყო და "სავალდებულო დასვენების დღეები" იდგა. 

საქსტატის მიხედვით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.

ეკონომიკურ ზრდაზე ასევე უარყოფითად აისახა 16.2%-ით შემცირებული ექსპორტიც. 

მთლიანობაში იანვარში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 5.88 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია. ასევე 23%-ით შემცირდა იანვარში ახლად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც. 

შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოში 6.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო, რაც 1994 წლის შემდგომ რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

ეკონომიკური ზრდის უფრო დეტალურ სტატისტიკას საქსტატი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.