მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 314,079 მგზავრს მოემსახურა, კლება 3%-ია

5e4104a4ab6b9
თელარა გელანტია
10.02.20 11:20
1077
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 314,079 მგზავრს მოემსახურა. რაც 3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2019 წელი 324,552 მგზავრი) შედარებით.

აღსანიშნავია, რომ იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის იანვარში 211,590 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 252,176).

„ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 8 ივლისს საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა“, - განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

2020 წლის იანვარში საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79,759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 55,895 მგზავრი).

თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 22,001 მგზავრმა ისარგებლა. რაც 38%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი 15,973 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 60%-ით გაიზარდა და 641 მგზავრი შეადგინა. (2019 წლის იანვარი 401 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 3 წლის გახდა, გასულ თვეში 88 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -18 % შემცირდა (2019 წლის იანვარი 107 მგზავრი). ამის მიზეზი რეისების კლება იყო. უამინდობის გამო იანვარში ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით მხოლოდ 7 რეისი შესრულდა, რაც 22 %-ით ნაკლებია, შარშანდელთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 9 რეისი).

ადგილობრივ აეროპორტებში, მგზავრთნაკადის კუთხით 2020 წლის იანვარში ჯამურად ზრდა დაფიქსირდა. მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები იანვარში ჯამში 729 მგზავრს მოემსახურა, რაც 44 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 508 მგზავრი).