მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოში გაცემული ხელფასები 320 მილიონი ლარით შემცირდა

603ce58f6996b
შოთა ტყეშელაშვილი
01.03.21 17:00
1092
იანვარში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 319 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 64.2 მილიონი ლარით, ანუ 17%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. უფრო დეტალურად კი, შეგროვებული საშემოსავლო გადასახადის 64.2 მილიონით კლება გაცემული ხელფასების 320 მილიონ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან.

მთლიანობაში იანვარში შეგროვებული 319 მილიონი ლარის საშემოსავლო გადასახადი ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში 1.56 მილიარდი ლარის ხელფასები გაიცა. შედარებისთვის, 2020 წლის იანვარში გაცემული ხელფასების ჯამი 1.91 მილიარდი ლარი იყო.

ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის კლება თანხვედრაშია საქსტატის შეფასებასთან, რომლის თანახმადაც, 2020 წელს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 74 ათასით იკლო. ასევე, 53 ათასით, 308 ათასამდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. მოსახლეობის 20.4% ამჟამად უმუშევარია, წლიურ ჭრილში ზრდა 3.8%-ია.

საშემოსავლო გადასახადის მსგავსად შემცირებულია ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან, რამაც იანვარში 293 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში კლება 14%-ია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. ასეთი ვარდნა ქვეყანაში დაწესებული მეორე ლოქდაუნით და თვის ფაქტობრივად ნახევრის “უქმე დღეებად” გამოცხადებით იყო განპირობებული. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკის 4.6%-ით შემცირება არის ნავარაუდევი, მთლიანად 2021 წელს კი მთავრობა 4.3%-იან ზრდას ელის.