მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვრის საგადასახადო სიახლეების მიმოხილვა - Kreston Papiashvili-ის ბლოგი

602a54db7238c
BM.GE
15.02.21 15:12
4176
Kreston Papiashvili გთავაზობთ იანვრის თვეში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული სიახლეების მიმოხილვას.

პუბლიკაციის მოკლე შინაარსი:
საგადასახადო კოდექსში დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ჩვენის კომპანიის მიერ წარსულში იქნა დეტალურად განხილული (იხ. პუბლიკაციის ბმული). ამჯერად, გთავაზობთ დღგ-ის სიახლეებთან დაკავშირებული დაბეგვრის კონკრეტული ინსტრუქციებსა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების ვრცელ მიმოხილვას. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიის პარტნიორებს პუბლიკაციის ბოლოს მითითებულ ტელეფონის ნომრებზე.

სარჩევი:
• დღგ-სთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებაში შესული ცვლილებების დეტალური მიმოხილვა.
• ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში შესული სხვა სიახლეების მიმოხილვა
• კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის შესახებ


დღგ-სთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებაში შესული ცვლილებების დეტალური მიმოხილვა.

1. დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციისას 100 000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშება

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 46-ე მუხლი. პირი ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ცვლილების თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.
დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციისას 100 000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშებაში მონაწილეობას ღებულობს ექსპორტის ოპერაციები და ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები (თუ ეს ოპერაციები პირის ძირითად საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

2. ფიქსირებული დაწესებულების დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

46-ე მუხლის ახალი რედაქციის მიხედვით დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა. ცვლილების მიხედვით ფიქსირებული დაწესებულება 100 000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშების გარეშე საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტიდან ხდება დღგ-ს გადამხდელი.

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას დაემატა ახალი პუნქტი: თუ პირი ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. ეს პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არ დასტურდება პირის მიერ ანგარიშ-ფაქტურის გატანის/გამოწერის ფაქტი;
ბ) პირს არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაცია (გარდა იმ დეკლარაციისა, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) და არ გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი (მათ შორის, დღგ-ისგან გათავისუფლებული) ოპერაცია/ოპერაციები.

4. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი

ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 47-ე მუხლს დაემატა 471 მუხლი: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა დასაბეგრ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, თუ მის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევის ადგილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის შესაბამისად არის საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება უკუდაბეგვრის წესით, რომელიც მონაწილეობს შემდეგი მომსახურების გაწევაში:
• ტელესაკომუნიკაციო მომსახურება
• რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება
• ელექტრონულად გაწეული მომსახურება
მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად ჩაითვლება თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:
ა) ფინანსური დაწესებულების (რომელშიც გახსნილია ანგარიში და გამოიყენება გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად) ან ელექტრონული ფინანსური საშუალებების ოპერატორის (რომლის საშუალებითაც ხდება გადახდა) ადგილსამყოფელი არის საქართველო;
ბ) მომსახურების მიმღების ადგილსამყოფელი არის საქართველო;
გ) მომსახურების მიმღების მიერ, მომსახურების შესაძენად გამოყენებული მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) მდებარეობს საქართველოში;
დ) მომსახურების შესაძენად/გადასახდელად გამოყენებული ქვეყნის სატელეფონო კოდი ეკუთვნის საქართველოს.
უცხოელი დასაბეგრი პირი, რომელიც განახორციელებს ამ მუხლით გათვალიწინებულ დასაბეგრ ოპერაციებს, ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილი პლატფორმის მეშვეობით მისი პირადი გვერდიდან ყოველ საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინოს საგადასახადო დეკლარაცია, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა და იმავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

5. რეგულარული და უწყვეტი მომსახურების ავანსის დღგ-თი დაბეგვრა

საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში. ცვლილების მიხედვით N996 ბრძანების 481 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება:
ა) რეგულარულად ან უწყვეტად გაწეულ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურებაზე;
ბ) რეგულარულად ან უწყვეტად განხორციელებულ გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყალის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის მიწოდებაზე.
ცვლილებების მიხედვით მიღებული ავანსი არ იბეგრება დღგ-თი მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში. ცვლილებამდე ავანსი არ იბეგრებოდა თუ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ხდებოდა რეგულარულად ან უწყვეტად.

6. ფიზიკური პირის მიერ 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაცია

N996 ბრძანებიდან ამოღებულ იქნა 49-ე მუხლის ა ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია;
ცვლილების მიხედვით დადგენილი ბრძანება, რომ ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია არ მიეკუთვნებოდა ეკონომიკურ საქმიანობას ამოღებულ იქნა, შესაბამისად არ არის განსაზღვრული კონკრეტულად რა რაოდენობის საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაცია აღარ მიიჩნევა ეკონომიკურ საქმიანობად.

7. დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდება

ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებას დაემატა 501 მუხლი, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.
საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.
ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების ფარგლებში, გადასაცემ აქტივებს შესაძლებელია წარმოადგენდეს ნებისმიერი აქტივი, რომელსაც მიმწოდებელი იყენებს ან განკუთვნილია გამოსაყენებლად იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ყველა აქტივის ან მისი ნაწილის მიწოდება, მათ შორის:
ა) ძირითადი საშუალებები;
ბ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობები;
გ) არამატერიალური ქონება (მათ შორის, გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, მოთხოვნები, ხელშეკრულებებში ჩანაცვლების უფლება).
ცვლილების მიხედვით განიმარტა და დაკონკრეტდა, თუ როდის და რა შემთხვევებში აქვს ადგილი დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდებას და მისი გამოყენების წესები.

8. ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები

ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით XII თავს დაემატა XII2 თავი, რომელიც განსაზღვრავს ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციებს. ცვლილებით განისაზღვრა ვაუჩერის ცნება და სახეები.
ვაუჩერი წარმოადგენს ელექტრონული ან მატერიალური ფორმის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
ა) ვაუჩერი წარმოშობს ერთი ან რამდენიმე დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ;
ბ) ვაუჩერით ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტით იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები.
ასევე განსაზღვრულია შემთხვევები, რომელიც არ წარმოადგენს ვაუჩერს:
ა) ინსტრუმენტი, რომელიც პირს აძლევს მის მიერ შესაძენი საქონლის ან/და მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი ანაზღაურების შემცირების (ფასდაკლების) უფლებას;
ბ) ბილეთი, რომელიც პირს აძლევს მგზავრობის, კონკრეტულ ადგილზე შესვლის ან ღონისძიებაზე დასწრების უფლებას;
გ) საფოსტო მარკები;
დ) ელექტრონული გასაღები ან კოდი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფასთან წვდომას იძლევა;
ე) ელექტრონული ფული, საკრედიტო ბარათები და ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები.
ვაუჩერი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი. ვაუჩერი ერთჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში იდენტიფიცირებადია ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ. ვაუჩერი მრავალჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

9. კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება

ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ 51-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვის დოკუმენტებიდან ამოღებულ იქნა კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ასევე, ამ მუხლში ვკითხულობთ, რომ საგადასახადო დოკუმენტი უთანაბრდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და შესაბამისად მასზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი ნორმები, რაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე. უცხოელი დასაბეგრი პირებისათვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (მათ შორის, სდ-ში) მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს შესაბამისი პირის შესაბამის ქვეყანაში მინიჭებული დღგ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი.

ცვლილება შეეხო 52-ე მუხლსაც. კერძოდ, მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ იქნა, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა იქნა გაუქმებული. ასევე, ამოღებული იქნა შესაბამისი დანართი (დეკლარაციის ნიმუში) N996 ბრძანებიდან.

10. დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები

ცვლილების მიხედვით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე:
ა) დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში;
ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში);
გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

11. მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდების შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების და ამ სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესი

ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში ცვლილების მიხედვით განისაზღვრა დასაბეგრი დილერის მიერ დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენება.

დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების/სქემით სარგებლობის მსურველი დასაბეგრი დილერი, ანუ პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს ან ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს, ვალდებულია, დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენებამდე, მიმართოს საგადასახადო ორგანოს (შემოსავლების სამსახურს), რომელიც აწარმოებს დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრს.

ცვლილებით დადგენილია დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების/სქემით სარგებლობის წესები:
ა) დასაბეგრი დილერის მოგების მარჟა არის დადებითი სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის;
ბ) დასაბეგრი დილერის მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ფასი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოგების მარჟის გაანგარიშებისას, არის ამ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხისა და შესაბამისი დღგ-ის თანხის ჯამი;
გ) დასაბეგრი დილერის მიერ საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მოგების მარჟის ოდენობის 1,18-ზე გაყოფით, ხოლო დღგ-ის თანხა – ამ გაყოფის შედეგად მიღებული თანხის 0,18-ზე გამრავლებით;
დ) დასაბეგრ დილერს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით.
ე) დასაბეგრ პირს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მისთვის დასაბეგრი დილერის მიერ მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ საქონლის მიწოდება სპეციალური სქემით იბეგრება.
ვ) დასაბეგრი დილერის მიერ სპეციალური სქემით სარგებლობის ფარგლებში საქონლის მიწოდების შემთხვევაში გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხის გამოყოფა არ ხდება.
დასაბეგრი დილერი ვალდებულია, ყოველ საანგარიშო პერიოდზე, საანგარიშო პერიოდის (თვის) მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა, საგადასახდო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია სპეციალური სქემით დაბეგრილი ოპერაციების შესახებ.

12. დღგ-ს ჩათვლის წესების ცვლილება

ცვლილების მიხედვით N996 ბრძანების 72-ე მუხლი გამოიცა ახალი რედაქციით. ძველ რედაქციაში ჩათვლის მიღების დოკუმენტებში აღნიშნული იყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები დადგენილია დღგ-ის ჩათვლით, საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული ჩანაწერი სსიპ-ების დღგ-სთან დაკავშირებით ახალ რედაქციაში აღარ ფიქსირდება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენაზე ან შექმნაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/საქონლის მიწოდებისთვის.

ახალი რედაქციით გამოიცა 73-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა დღგ-ის პროპორციული ჩათვლის მიღების წესი. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: დღგ-ის ჩასათვლელი ნაწილი გამოითვლება წილადის მიხედვით და ფიქსირდება პროცენტად, სადაც:

ა) მრიცხველი არის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელთან დაკავშირებითაც დღგ ექვემდებარება ჩათვლას;
ბ) მნიშვნელი არის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელიც მრიცხველშია ასახული და დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა, რომლებზეც დღგ არ ექვემდებარება ჩათვლას.
ცვლილების მიხედვით დაზუსტდა, თუ რა არ უნდა იქნას გათვალისწინებული პროპორციის გაანგარიშებისას. მესამე ნაწილის მიხედვით დღგ-ის ჩათვლას დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას, არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა რომელიც უკავშირდება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას;
ბ) უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა.
ასევე, განისაზღვრა დღგ-ს პროპორციული ჩათვლის წილის ახალი წესი. მეოთხე ნაწილის მიხედვით საანგარიშო პერიოდის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება:
ა) წინა საგადასახადო წელს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაფიქსირებული წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ამავე წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში;
ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაფიქსირებული თვის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში, წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, თუ წინა საგადასახადო წლის შესაბამისი წლიური პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირებული არ არის.

13. უფლებამონაცვლეობა

რეორგანიზაციისა და კაპიტალში აქტივის შეტანის დროს პირი რომელმაც აქტივი მიიღო, განიხილება ამ აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ.

უფლებამონაცვლეობის ფარგლებში, აქტივის მიმღებ პირზე გადადის მიმწოდებლის მიერ ამ აქტივებთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებულ დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლება და ვალდებულება, რა დროსაც:
ა) აქტივების გადაცემისას, მიმწოდებელს უნარჩუნდება აქტივებზე ხარჯების გაწევისას (მათ შორის, შეძენისას) გადახდილი/ გადასახდელი დღგ-ის ჩათვლა;
ბ) აქტივების მიმღებთან გადადის დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლითაც უნდა ესარგებლა და რომელიც უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს, ეს აქტივები მიმწოდებლის საკუთრებაში რომ დარჩენილიყო და გამოყენებულიყო იმავე საქმიანობაში, რომელშიც მათ მიმღები იყენებს.

14.გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/ გასაუქმებელი დღგ-ის თანხის განსაზღვრა

ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებით დამტკიცდა .გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/ გასაუქმებელი დღგ-ის თანხის განსაზღვრის ინსტრუქცია.

ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში შესული სხვა სიახლეების მიმოხილვა

15. მოგების გადასახადის დეკლარაციაში საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ მოგების განაწილების ასახვა

მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაემატა 16.1.3 სტრიქონი, სადაც მიეთითება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, რომელიც წარმოადგენს ამავე დეკლარაციის დანართი №16-ით გაანგარიშებულ თანხას.

მოგების გადასახადის დეკლარაციაში 25.2 სტრიქონში მიეთითება საქართველოს ფარგლების გარეთ წყაროსთან დაკავებული ან გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, რომელიც გამოანგარიშებული იქნებოდა საქართველოში აღნიშნულ შემოსავალზე საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით, რომელიც არ ღემატება 16.1 სტრიქონის მეორე სვეტში ასახული მონაცემიდან გამოანგარიშებულ გადასახადის თანხასა და 25.1 სტრიქონის ამავე სვეტში ასახულ მონაცემებს შორის სხვაობით მიღებულ თანხას, ამასთან, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ სტატუსის ფარგლებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში – არაუმეტეს 16.1.3 სტრიქონის მესამე სვეტში ასახული მონაცემიდან გამოანგარიშებულ გადასახადის თანხისა.
დეკლარაციის III ნაწილის დანართი 16 წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შესამცირებელი თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად.

ფინანსთა მინისტრის №331 ბრძანებით, 2021 წლის 01 თებერვლიდან ამოქმედდა ცვლილება ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში.

16. დაქირავებულ პირთა რეესტრი

ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში შესული ცვლილებით, დამქირავებელი ვალდებულია, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმავია ასახოს შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულ ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში’’. აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება შემოსავლების სამსახურს ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე , შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.

,,დაქირავებულ პირთა რეესტრი’’ უნდა მოიცავდეს დაქირავებულის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი, სტატუსი (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი), სტატუსის შეწყვეტის შეჩერების თარიღი. აქვე რომ განვმარტოთ, აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას და ამავდროულად შეჩერების პერიოდი არ აღემატება 90 კალენდარულ დღეს; ხოლო შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

დაქირავებული პირის შესახებ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ ინფორმაციაში ცვლილების შეტანა დამქირავებლის მიერ შესაძლებელია 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაქირავებულს ენიჭება სტატუსი - აქტიური, ასეთ დროს ვლილების შეტანა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შრომითი ურთიერთობის განახლების თარიღისა.
,,დაქირავებულ პირთა რეესტში’’ დამქირავებელმა ელექტრონულად უნდა ასახოს ინფორმაცია 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 2021 წლის 1 მარტამდე.

17. საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად მიჩვევის კრიტერიუმები.

მოგების გადასახადში საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირზე თანხის გადახდა მთელ რიგ შემთხვევებში იბეგრება 15%-იანი განაკვეთით.

საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, ჩაითვლება პირი:
რომელიც შექმნილია ან რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით (მაგალითად: თიზ-ის საწარმო, სპეციალური სავაჭრო კომპანია, ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი, მაღალმთიანი დასახლების საწარმო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ვირტუალური ზონის იურიდიული პირი);
რომელიც ახორციელებს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატის სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა)).
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირად არ ჩაითვლება სპეციალური სავაჭრო კომპანია იმ ოპერაციებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ კმაყოფილდება ამავე კოდექსის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.“

18. დისტანციური საკონტროლო შესყიდვა

ფინანსთა მინისტრის 994 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით, საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელებული იქნას დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით.

კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის შესახებ

19. კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №107-ის მიხედვით განიზასაზღვრა კვალიფიციური და არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები რაც გულისხმობს კომპანიისათვის საფ-ის გამოწერის უფლების შეზღუდვასა და სხვა შეზღუდვების დაწესებას.
სტატუსის მინიჭება და გაუქმება მოხდება შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად.
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, უუქმდება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია).

 არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ჩაითვლება მინიჭებულად იმ პირისათვის, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის წარმოადგენს დღგის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ჩაითვლება დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად.
(NS)