მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია Pfizer-ის ვაქცინის მილიონობით დოზას ვერ იყენებს

6024d180a0400
თათია კაკიაშვილი
11.02.21 11:10
5239
იაპონიაში მილიონობით ადამიანი Pfizer–ის კორონავირუსის ვაქცინით არ აიცრება, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი, მიზეზი - სპეციალური შპრიცების სიმცირეა, რამაც შეიძლება ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა ჩაშალოს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იაპონიამ უზრუნველყო Pfizer-ის ვაქცინის 144 მილიონი დოზის შესყიდვა, რაც 72 მილიონი ადამიანისთვის არის საკმარისი. საჭიროა თითო პირმა სამკვირიანი ინტერვალით ორი ინექცია ჩაიტაროს. თუმცა, იაპონურ შპრიცებს, როგორც ჩანს, ვიწრო დგუშები აქვთ, რაც ვაქცინაციას შეუძლებელს ხდის, რადგან ამ შპრიცების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ნაწილი ორგანიზმში ვერ მოხვდება და დაიღვრება. პრობლემის გადასაჭრელად კი ქვეყანას სტანდარტული შპრიცების მარაგის შეძენა მოუწევს.

ამასთან, იაპონიის მთავრობა სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებლებს სპეციალური შპრიცების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს. საგულისხმოა, რომ ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ იაპონია არ დგას. აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებშიც ასევე განაცხადეს, რომ მსოფლიოში სპეციფიური შპრიცების დეფიციტია.

ქვეყანაში 65 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინაცია, წესით, აპრილამდე უნდა მოესწროს, ამ ასაკობრივ კატეგორიაში კი დაახლოებით 36 მილიონი პირია. შემდეგ ეტაპზე, ივლისამდე, იგეგმება დარჩენილი მოსახლეობის აცრა. მთლიანობაში, იაპონიამ ვაქცინის პრეპარატის 157 მილიონი ადამიანისთვის საკმარისი დოზა უნდა უზრუნველყოს.