მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია საქართველოს უზარმაზარ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს დიდი ინტერესით აკვირდება - ელჩი

6148771bd585f
ინგა მურუსიძე
20.09.21 16:01
3882
„ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე“, - ამის შესახებ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ პლატფორმა „ენერგომომავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უცხოურ ენერგორესურსებზე იაპონიის დამოკიდებულება 90%-ს აღწევდა. ეს ძალიან ძვირი გვიჯდებოდა, რადგან გვიწევდა მათი ტრანსპორტირება ზღვის გავლით. ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე”, - განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც იაპონიის ენერგოსისტემაში ჰიდროელექტროსადგურებს მიუძღვის და განმარტა, თუ რა მიდგომებს იყენებს სახელმწიფო ახალი ჰესებისა თუ სხვა ტიპის ელექტროსადგურების მშენებლობისას.

„იაპონიისთვის უმნიშვნელოვანესია ჰიდროელექტროსადგურების არსებობა: საკუთარი რესურსებით ელექტროენერგიის წარმოების უდიდესი ნაწილი ხომ სწორედ ჰიდროსადგურებზე მოდის და ალბათ, ასე იქნება მომდევნო წლებშიც. ჰიდროელექტროსადგურები იმ ადგილებშიც შენდება, სადაც სეისმოლოგიური რისკები შეიძლება, არსებობდეს.

რასაკვირველია, უამრავ კვლევას ვატარებთ სეისმოაქტივობის შესასწავლად. ასევე ვამყარებთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს იმის თაობაზე, რამდენად უსაფრთხოა სადგურების მშენებლობა და რამდენად გამართლებულია საზოგადოების წუხილი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ეს კომუნიკაცია ნებისმიერი ჰესის ან სხვა ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა მან.

იმამურა აკირას განცხადებით, საქართველოს დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს, რომელსაც იაპონია ინტერესით აკვირდება და ამ მიმართულებით უკვე პირველი ინვესტიციაც განახორციელა.

„ვფიქრობ, მისი ლანდშაფტიდან გამომდინარე, საქართველოს უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს, რაც გენერაციის გაზრდის საშუალებას იძლევა. იაპონია დიდი ინტერესით აკვირდება თქვენი ქვეყნის პოტენციალს. სწორედ ამიტომ ჩვენმა ენერგეტიკულმა გიგანტმა TEPCO-მ (Tokyo Electric Power Company) გადაწყვიტა პირველი ინვესტიციის განხორციელება დარიალის ჰიდროელექტროსადგურში “, - დასძინა ელჩმა.
(NS)