11.ივლისი .2020 22:55

იაპონია შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით სუბსიდირების მექანიზმს გამოიყენებს

views 535
უკან

იაპონია შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით სუბსიდირების კამპანიას იწყებს.  იაპონური მედიის ცნობით, ამის შესახებ ტურიზმის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, ამიტომაც კამპანიის Go To Travel ფარგლებში იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით დასვენებას გადაწყვეტენ, ხარჯებს შეუმცირებენ, მათ შორის სასტუმროს და ტრანსპორტირების საფასურსაც.

მთავრობა ხარჯების დაახლოებით 35%-ის შემცირებას ჰპირდება დამსვენებლებს, ხოლო 15%-ს მსურველები სხვადასხვა ვაუჩერების სახით მიიღებენ.

ფასდაკლებებით ისარგებლებენ ისინიც, რომლებსაც უკვე დაჯავშნილი აქვს სასტუმრო და მოგზაურობა.

პარალელურად, მთავრობა მოუწოდებს ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს უზრუნველყონ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

სუბსიდირების კამპანიის ფარგლებში მთავრობა ერთი ადამიანისთვის ერთ ღამეზე დაახლოებით 20 000 იენის ($188) უზრუნველყოფას აპირებს.