მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში 2020 წელს 1 მლნ ბოთლი „ნაბეღლავის“ ექსპორტი იგეგმება

5f2910a99ac7b
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.20 21:09
2135
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში „ნაბეღლავი იაპონიის“ ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა ქართული მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ იაპონური რეკლამა, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

BM.GE-ი დაინტერესდა რა მოცულობის „ნაბეღლავი“ გადის ექსპორტზე იაპონიაში და მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანია „წყალი მარგებელს“ დაუკავშირდა.

მათი ინფორმაციით, იაპონიის ბაზრის ათვისება 2016 წელს დაიწყო და აღნიშნული რეკლამა იაპონელების მიერ 2019 წელს ჩატარებულ კვლევას ემყარება.

„წყალი მარგებელი“ ბოლო რამდენიმე წელია, პანდემიისგან დამოუკიდებლად, აქტიურად ცდილობს არატრადიციული ბაზრების (დსთ-ს ქვეყნებს მიღმა) ათვისებას და გრძელვადიან პერიოდში (10 წლიანი გეგმის ჭრილში) განიხილავს ექსპორტის სრულ დივერსიფიცირებას. საინტერესო, არატრადიციული საექსპორტო მიმართულებებია აშშ, იაპონია, თურქეთი, აზია.

იაპონიის ბაზრის ათვისება დიდ ძალისხმევასა და ენერგიასთან არის დაკავშირებული, 2016 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა ქალბატონ ნიტა გოცაძესთან და მის იაპონელ პარტნიორებთან, რომლებიც ახორციელებენ ნაბეღლავის იმპორტს იაპონიაში და აქტიურად არიან ჩართულები ბრენდის განვითარების პროცესში.

2019 წელს იაპონურმა კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა მეცნიერული კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა ნაბეღლავის დადებითი ეფექტი ადამიანის კანზე. ნაბეღლავის იაპონელი მომხმარებლების დიდ ნაწილს ქალბატონები წარმოადგენენ“, - აცხადებენ „წყალი მარგებელში“.

„ნაბეღლავის“ საექსპორტო მოცულობებზე საუბრისას კომპანიაში ამბობენ, რომ მხოლოდ ივლისის თვეში იაპონიაში 200 000 ბოთლამდე ექსპორტი განხორციელდა. კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს იაპონიაში 601 248 ბოთლი ნაბეღლავი გავიდა ექსპორტზე. 

„მიმდინარე წლის მხოლოდ ივლისის თვეში განხორციელდა 5 კონტეინერის, ანუ 200 000 მდე ბოთლის გადატვირთვა იაპონიაში და მეორადი გაყიდვების პოზიტიურ უკუკავშირზე დაყრდნობით, წელს ჯამურად მილიონამდე ბოთლის გადატვირთვა იგეგმება.

წლის განმავლობაში იგეგმება ნაბეღლავის შესვლა წამყვან სააფთიაქო ქსელებში, როგორებიცაა Welcia, Koko kara fine და სხვა. შემდეგი ეტაპია იაპონურ convenience store-ის LAWSON, Family Mart და 7/11 -ის თაროებზე მოხვედრა, რითიც იაპონური ბაზარის სრულად ათვისება მოხდება“, - აცხადებენ კომპანიაში.