მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში ინფლაციის დონე 40-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

6380bf5305050
გიორგი თოლორდავა
25.11.22 18:00
537
იაპონიაში წლიურმა საბაზო ინფლაციის დონემ 3.6%-ს მიაღწია, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება წინასწარ მონაცემებს და ბოლო 40 წლის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულს წარმოადგენს.

ინფლაციის დონის ზრდა, უმეტესწილად, რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტითა და მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაძვირებული სურსათითა და ენერგოპროდუქტებითაა განპირობებული.

გარდა ინფლაციის დონის ზრდისა, ქვეყანა რეცესიის საფრთხის წინაშეც დგას. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იაპონიის ეკონომიკა 1.2%-ით შემცირდა, რაც ეკონომისტებისა და ექსპერტებისთვის მოულოდნელი იყო.

მეორე კვარტალთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის შემცირების მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს. ცნობისთვის, ანალიტიკოსები მესამე კვარტალში ეკონომიკის 1.1%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

ინფლაციის დონის ზრდისა და ეროვნული ვალუტის 30%-ით გაუფასურების მიუხედავად, იაპონიის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს. ნაცვლად ამისა, ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელების სტრატეგია აირჩია. მაგალითად, ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე თითქმის 43 მილიარდი დოლარი დახარჯა, რითაც ეროვნული ვალუტის მხოლოდ 1.5%-ით გამყარება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზეც ძირითადი განაკვეთი ისევ უცვლელად, ნეგატიურ, -0.1%-იან ნიშნულზე დარჩა. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მარეგულირებელი ორგანოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, მიუხედავად გაზრდილი ინფლაციისა, ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს.

ზოგადად, იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია.