მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

635b88e745be7
გიორგი თოლორდავა
28.10.22 12:04
675
მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურების მიუხედავად, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისევ უცვლელად დატოვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი ისევ ნეგატიურ, -0.1%-იან ნიშნულზე დარჩა.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მარეგულირებელი ორგანოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, მიუხედავად 3%-იანი ინფლაციისა, ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს.

მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების ფონზე, იაპონიის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდული ტემპით უფასურდება - ერთწლიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 30%-ს აღწევს.

იენის გაუფასურების შესაჩერებლად იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელების სტრატეგია აირჩია. ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, იენის მხარდასაჭერად ცენტრალურმა ბანკმა 37 მილიარდი დოლარი დახარჯა, რითაც ეროვნული ვალუტის 1.5%-ით გამყარება მოახერხა. კრიტიკოსების შეფასებით, ინტერვენციების სტრატეგია არამდგრადია და ის ვერ აგვარებს იენის ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც რბილი მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული.

იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე თვესაც იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, აშშ-ის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი კი გამკაცრების პოლიტიკას აქტიურად განაგრძობენ.

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია. ამჟამად იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი 0-0.25%-ის ფარგლებშია, რაც იენს ინვესტორთათვის არამიმზიდველ ვალუტად აქცევს, ამერიკულ დოლარს კი - პირიქით.