მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის ელჩი: „ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერდა“

5f2914a65be59
თამთა ჯიჯავაძე
04.08.20 18:00
1682
ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პროექტი შეჩერდა, - ამის შესახებ იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ BMG-სა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში ანაკლიის დეტალური კვლევა იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei-მ დაიწყო.

„ნება მიბოძეთ ვისაუბრო Nippon Koei-ზე, რომელიც ძალიან გამოცდილი კომპანიაა. მან ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა. ამ კომპანიას ჰყავს ძლიერი ექსპერტები და მათ აქვთ წარმატების მაგალითები აზიის ქვეყნებში. მათი დასკვნით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ოპერირება დამაიმედებელია. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატურად განვითარდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლიის ქალაქი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა – დამაკავშირებელი გზები აეროპორტთან, პორტთან, შიდა გზები თუ სარკინიგზო ხაზები. განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის გარეშე სპეციალური ეკონომიკური ზონა ვერ იმუშავებს. ასე რომ ვიმედოვნებ, იაპონური კომპანია გაუძღვება ამ კუთხით ეკონომიკური ზონის განვითარებას“, – განაცხადა ელჩმა.

დიპლომატმა ასევე ისაუბრა იმ სარგებელზე, რასაც ადგილობრივები ამ პროექტით მიიღებდნენ.

„სპეციალური ეკონომიკური ზონა იქ მცხოვრებლებს გარკვეულ პირობებს უწესებს, მაგალითად, როდესაც კომპანია შემოდის და ამ ზონაში აშენებს ქარხანას, ერთ-ერთი მოთხოვნა არის ნარჩენების მართვა, ასევე დასაქმებულების ტრენინგები. საერთო ჯამში, ასეთი პირობები ხელს უწყობს ბიზნეს კულტურის და გარემოს გაუმჯობესებას. თითოეულ მცხოვრებს და კომპანიას სურს ისარგებლონ ძალიან მოხერხებული და კომფორტული სპეციალური ეკონომიკური ზონის მომსახურებებით. ეს კარგია ქართველი ხალხისა და მთავრობისთვის, ვინაიდან დაახლოებით 100 საერთაშორისო კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაიწყებს ოპერირებას ამ ჩვენი პირობების მიხედვით. ეს პირობები კი შექმნილია იმისთვის, რომ ეს კომფორტული იყოს ადგილობრივებისთვის და ქვეყნისთვის. ეს კარგი კომბინაციაა სხვადასხვა მხარისთვის – არამხოლოდ კომპანიისთვის, რომელიც იქ ფულს გააკეთებს, არამედ ეს კარგია ხალხისთვის, მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის. ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ ისინი დაბრუნდებიან“, – დასძინა ელჩმა.

შეგახსენებთ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” (ADC) დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად, 2020 წლის იანვარში მოშალა. კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს და სახელმწიფოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. კონსორციუმი და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი ბობ მეიერი დარღვეული უფლებების აღდგენისთვის საქართველოს საერთაშორისო სარბიტრაჟში უჩივის.