მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია ანაკლიის დეტალურ კვლევას იწყებს

5d848d2aa8094
BM.GE
20.09.19 12:20
2516
საქართველოს იაპონიიდან დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ანაკლიის ადგილზე შესწავლა და სხვადასხვა სამთავრობო და კერძო უწყებებთან შეხვედრების გამართვა.

ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს (METI) მიერ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei Co., Ltd. ანაკლიის დეტალურ კვლევას იწყებს.

კვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იაპონური კომპანიების (საწარმოო და ლოგისტიკური სექტორი) მოზიდვა და პროექტში ჩართვა. ვიზიტს ასევე უერთდება იაპონური კომპანია Tomonius Co., Ltd წარმომადგენელი და Phnom Penh SEZ Plc - ხელმძღვანელი ბატონი ჰიროში უემატსუ, რომელიც ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობას განიხილავს როგორც ინვესტორი და ოპერატორი.

ვიზიტის ფარგლებში მოხდება თანამშრომლობაზე ხელის მოწერა. შეხვედრები დაგეგმილია ზუგდიდის მერთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ კომპანიებთან.

2019 წლის თებერვლიდან „ანაკლია სითი“ და „Phnom Penh SEZ“ ერთობლივად მუშაობენ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის სტრატეგიაზე, რაც საფუძველია იმისა რომ იაპონურმა კომპანიამ ანაკლიის ეკონომიკური ზონის ოპერირების გადაწყვეტილება მიიღოს.

„Phnom Penh SEZ“ კლიენტებს შორის, წამყვანი იაპონური და საერთაშორისო კომპანიები არიან. ამა წლის მარტში “Phnom Penh SEZ“ გენერალურმა დირექტორმა და „Nippon Koei“ ექსპერტებმა ანაკლია მოინახულეს, რათა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ პროექტი. გარდა ამისა, კამბოჯაში ვიზიტით იმყოფებოდნენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი ბ-ნი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ დირექტორი ქ-ნი ქეთი ბოჭორიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში მათ ინვესტორთა ობიექტები მოინახულეს. შეხვდნენ კამბოჯის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფ LCH - ს, რომელმაც იაპონურ კომპანიებთან ერთად შექმნა პნომის სპეციალური ეკონომიკური ზონა. ასევე მოლაპარაკებები გამართეს უდიდეს კომპანიებთან - Nippon Еxpress , Bok Seng Group, MinebeaMitsumi , Тоyota Тsushi - სა და SVI Public-Thailand- თან მათი საწარმოები დაათვალიერეს. აღნიშნული კომპანიები საქართველოთი და კონკრეტულად, ანაკლიის სპეციალური ზონით დაინტერესდნენ.

„იაპონიას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს, როგორც ეკონომიკური დერეფნის მიმართ. იაპონური კომპანიებისა და „ანაკლია სითის“ შორის თანამშრომლობა ყოველთვის იყო ჩვენს დღის წესრიგში. Nippon Koei Co., Ltd ჩართულობა ანაკლიის შესწავლაში ძალიან კარგი შესაძლებლობაა პროექტისათვის, რადგან ის ერთ ერთი წამყვანი საინჟინრო კომპანიაა მსოფლიოში.

ასევე, ეს შესაძლებლობაა, გამოვიყენოთ იაპონიის სახელმწიფოს მხარდაჭერა და გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა იაპონურ კომპანიებსა და ანაკლიის პროექტს შორის, შესაბამისად, საქართველოსა და იაპონიას შორის“, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის მსგავსი თანამშრომლობა პირველია და საქართველოს, ღრმაწყლოვანი პორტისა და თანამედროვე ინდუსტრიული ზონის მიმართულებით, სრულიად ახალი პერსპექტივა უჩნდება.

შეგახსენებთ, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) განავითარებს 400 ჰა ფართობის ტერიტორიას და დაასაქმებს 16,000-მდე ადგილობრივ ადამიანს შემდგომი 20 წლის განმავლობაში. SEZ-ი სრულიად ინტეგრირებული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, შექმნის საერთო თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და წვდომა ექნება მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურაზე: ღრმაწყლოვანი პორტი, გზა და რკინიგზა, რომელიც დაუკავშირდება ეროვნულ ქსელებს. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ზოგადი კონცეფციის მიხედვით, განვითარდება ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა: ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება, ტურიზმი და ა.შ.

სპეციალური ზონა, რომელიც განკუთვნილია ტრენინგებისა და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის, დაეხმარება რეგიონის შრომით მუშახელს უნარ-ჩვევების ამაღლებაში. ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სპეციალური ეკონომიკური ზონა უდიდეს შესაძლებლობებს შესთავაზებს და მოიზიდავს როგორც საგარეო პირდაპირ ინვესტიციებს, ისე ადგილობრივ ინვესტიციებსაც; შექმნის კლასტერებს, ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიების განვითარებას, გაზრდის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს.

ახლახან, ანაკლიის პროექტი აისახა ADB 2019-2023 წლის სტრატეგიაში როგორც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონსა და სატრანზიტო დერეფანში რაც აზიის განვითარების ბანკსა და „ანაკლია სითის“ შესაძლებლობას აძლევს, უკეთ ითანამშრომლონ ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ფინანსები და ვაჭრობა.