22.სექტემბერი .2022 12:50

იაპონური იენი ამერიკულ დოლართან რეკორდულად უფასურდება - აზიური საფონდო ინდექსები ეცემა

იაპონური იენი ამერიკულ დოლართან რეკორდულად უფასურდება - აზიური საფონდო ინდექსები ეცემა
views 380
უკან

საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე იაპონური იენის ღირებულება რეკორდული ტემპით ეცემა - ერთწლიან ჭრილში, იაპონიის ეროვნულის ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 30%-ით გაუფასურდა.

საგულისხმოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ერთი დოლარის სანაცვლოდ 115 იენის შეძენა იყო შესაძლებელი, ამჟამად კი კურსი 143 იენს აჭარბებს, რაც მოკლე პერიოდში ვალუტის გაუფასურების 25%-იანი მაჩვენებელია.

იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია. ამჟამად იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი 0-0.25%-ის ფარგლებშია, რაც იენს ინვესტორთათვის არამიმზიდველ ვალუტად აქცევს, ამერიკულ დოლარს კი - პირიქით.

ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე თვესაც იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, ხოლო FED-მა სწორედ გუშინ მონეტარული პოლიტიკა დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაამკაცრა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის წნეხს იენი-დოლარის გაცვლით კურსზე. 

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იაპონიის ეკონომიკა 0.5%-ით შემცირდა, ექსპორტის მაჩვენებელი 1.7%-ით დაეცა, სავაჭრო დეფიციტი კი გასული ათწლეულის უმაღლეს ნიშნულამდე გაფართოვდა. არსებულ სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, უარესდება სამომავლო ზრდის პროგნოზიც, რასაც მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების, ნედლეულისა და სურსათის ფასების ზრდა ამწვავებს.

გარდა ვალუტის კურსისა, FED-ის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ დაეცა თითქმის ყველა აზიური საფონდო ინდექსი, მათ შორის:

Hang Seng -1.61%
Nikkei -0.58%
S&P/ASX -1.56%
Shanghai -0.27%
Kospi -0.63%