მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური იენი დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება - მიზეზი ცენტრალური ბანკის უმოქმედობაა

63510bd203124
გიორგი თოლორდავა
20.10.22 13:00
1524
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე იაპონური იენის ღირებულება რეკორდული ტემპით ეცემა - ერთწლიან ჭრილში, იაპონიის ეროვნულის ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით თითქმის 30%-ით გაუფასურდა.

საგულისხმოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ერთი დოლარის სანაცვლოდ 115 იენის შეძენა იყო შესაძლებელი, ამჟამად კი კურსი 150 იენს აჭარბებს.

იენის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.

ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე თვესაც იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, აშშ-ის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი კი გამკაცრების პოლიტიკას აქტიურად განაგრძობენ.

იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი 1%-იან ნიშნულზე დაბალია. ამჟამად იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი 0-0.25%-ის ფარგლებშია, რაც იენს ინვესტორთათვის არამიმზიდველ ვალუტად აქცევს, ამერიკულ დოლარს კი - პირიქით.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იაპონიის ეკონომიკა 0.5%-ით შემცირდა, ექსპორტის მაჩვენებელი 1.7%-ით დაეცა, სავაჭრო დეფიციტი კი გასული ათწლეულის უმაღლეს ნიშნულამდე გაფართოვდა. არსებულ სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, უარესდება სამომავლო ზრდის პროგნოზიც, რასაც მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების, ნედლეულისა და სურსათის ფასების ზრდა ამწვავებს.