მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონური საფონდო ინდექსი 33-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

647741f3a97cd
გიორგი თოლორდავა
31.05.23 17:22
622
იაპონური საფონდო ბირჟა მკვეთრ აღმასვლას განაგრძობს, მიმდინარე კვირას ფლაგმანურმა NIKKEI-ს ინდექსმა 33-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

ამჟამად იაპონია ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სახელმწიფოა, რასაც არაერთი მიზეზი განაპირობებს. იაპონია მსოფლიოს რიგით მესამე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 5 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ქვეყანას გამოარჩევს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც თითქმის 35,000 დოლარს შეადგენს.

მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების რეკორდულად ზრდის მიუხედავად, იაპონიაში წლიური ინფლაციის დონე 3.5%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია. რაც ყველაზე მთავარია, იაპონიას უნიკალური მონეტარული პოლიტიკაც გამოარჩევს, უფრო კონკრეტულად, ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი მინუს 0.1%-ია, რაც მოსახლეობას თანხის ხარჯვისკენ, ბანკებსა და ფონდებს კი - ინვესტირებისკენ უბიძგებს.

ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ იაპონიაში იდეალური საინვესტიციო გარემოა: სასამართლო დამოუკიდებელია, კანონმდებლობა მკაფიოა, საფინანსო სისტემა განვითარებულია, ქვეყანა კი პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად სტაბილურია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გასული 20 წელი იაპონური საფონდო ბირჟებისთვის სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა. იაპონიის პრობლემა ისაა, რომ ის უკვე ზედმეტად განვითარებულია, მისმა კომპანიებმა კი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად უკვე მიაღწიეს მაქსიმუმს, ამიტომაც სამომავლო ზრდის პროგნოზებიც კონსერვატიულია.

იაპონიის საფონდო ბირჟამ მაქსიმუმს 1989 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი ბირჟაზე ფაქტობრივი სტაგნაცია იყო. შედარებისთვის, ამ პერიოდში ამერიკული და ჩინური ინდექსები ფაქტობრივად გაათმაგდა.

ამჟამად ვითარება განსხვავებულია, იაპონური საფონდო ბირჟა აღმასვლას იწყებს, თანაც საკმაოდ მკვეთრს. ძირითადმა საფონდო ინდექსმა უკვე მიაღწია 33-წლიან მაქსიმუმს და ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლომდე ის 1989 წლის რეკორდსაც მოხსნის. 2020 წლის პანდემიურ მინიმუმთან შედარებით, იაპონური ბირჟა თითქმის 60%-ითაა გაზრდილი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

თითქმის ერთ თვეში გლობალურმა ინვესტორებმა ამომავალი მზის ქვეყანაში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დააბანდეს და ეს მაჩვენებელი თითქმის ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.