მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იარაღის შენახვა-გადატანის წესები შეიცვალა - გომელაურის ბრძანება

610e35b056590
ინგა მურუსიძე
07.08.21 16:03
17154
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები დაამტკიცა. როგორც bm.ge-ს უწყებიდან აცნობეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა წესში ცვლილებები დაამტკიცა.

მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი. კერძოდ, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვები გახდა მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში.

ბრძანებით დეტალურად განისაზღვრა იარაღის არასრული დაშლის განმარტება. კერძოდ, იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევება მოხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ იარაღებზე, რომელთა კონსტრუქციაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა დამატებითი რეგულაციები იარაღის შენახვასთან დაკავშირებით. კერძოდ, იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.

გარდა ამისა, ბრძანებაში შესული ცვლილებით, განისაზღვრა აკუსტიკური (ხმოვანი) იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესები.
ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება და დასაშვები გახდა მხოლოდ მისი გადატანა თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით. შესაბამისად, ამ მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანისას მფლობელს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიზნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვები იქნება ერთჯერადად.

აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.