მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IATA-ს ახალი პროგნოზით, სამგზავრო გადაზიდვები 2019 წლის ნიშნულს 2024-ში დაუბრუნდება

5f2143643aaa1
ნათია თაქთაქიშვილი
29.07.20 14:05
860
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მგზავრთა ნაკადის ზრდა იმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

IATA-ს მოლოდინი აქვს, რომ მსოფლიოში სამგზავრო ავიაგადაზიდვები პრეპანდემიამდელ მდგომარეობას 2024 წელს დაუბრუნდება. პესიმისტური პროგნოზი შემდეგი ტენდენციებით აიხსნება:

• კორონავირუსის შეკავება ვერ ხერხდება აშშ-სა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომლებსაც ჯამურად საავიაციო ბაზრის 40% უჭირავს.

• შემცირებული კორპორატიული მოგზაურობები, რაც კომპანიებზე გაზრდილი ეკონომიკური წნეხით არის განპირობებული.

• სუსტი სამომხმარებლო ნდობა. IATA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მომხმარებელთა 55% 2020 წელს მოგზაურობას არ გეგმავს, მიზეზად ფინანსური რესურსის უქონლობა და COVID-19-ით დაინფიცირების რისკის ზრდა სახელდება.

IATA-ს პროგნოზით, 2021 წლიდან მგზავრთა ნაკადი 62%-ით გაიზრდება, მაგრამ მიუხედავად აღნიშნული მატებისა, 2019 წელთან შედარებით აღნიშნული რიცხვი მაინც 30%-ით შემცირებული იქნება და გასული წლის მონაცემებს, მხოლოდ 2023 წლის ბოლოსკენ მიაღწევს.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ დე ჟუნიაკი აცხადებს, რომ მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლები აპრილში ნულს გაუტოლდა; ამჟამად კი, მდგომარეობა გაუმჯობესებულია შიდა ფრენების ხარჯზე, რადგან საერთაშორისო ბაზრების უმეტესობა ისევ დახურულია.

IATA-ს მონაცემებით, მგზავრთა გადაყვანის საერთაშორისო მაჩვენებელი ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96.8%-ით არის შემცირებული. კერძოდ:

აზიური ავიახაზები - (-97.1%) 
ჩრდილოეთ ამერიკის ავიახაზები - (-97.2%) 
ევროპული ავიახაზები - (-96.7%)
ახლო აღმოსავლეთის ავიახაზები - (-96.1%) 
ლათინური ამერიკის ავიახაზები - (-96.6%)
აფრიკის ავიახაზები - (-98.1%) .