მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იახტების ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები

647b0ab2aff8c
ლიკა მეგუთნიშვილი
03.06.23 23:00
967
მსოფლიოში მილიონერებისა თუ მილიარდერების რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება იახტებზე მოთხოვნაც. მოთხოვნამ მიწოდება გაზარდა და ბაზარზე ინოვაციური და მდიდრული იახტების მწარმოებლები მომრავლდნენ. მსოფლიოში იახტების მშენებარე უმსხვილეს კომპანიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც წლების განმავლობაში, მზარდი კონკურენციის ფონზე, წარმატება მოიპოვეს და სხვებზე მეტად გამდიდრდნენ.

იახტების ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთია Princess Yachts. კომპანია 1965 წელს, ინგლისში დაარსდა და და მალევე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იახტის მშენებელი კომპანია გახდა. Princess Yachts მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს და flybridge იახტებთან ერთად V კლასის სპორტულ და M კლასის სუპერიახტებს აწარმოებს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 300-ზე მეტ იახტას ყიდის. გასულ წელს, გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

იახტების მწარმოებელ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში წლებია მყარად პოზიციონირებს Heesen Yachts-ი. 1978 წელს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია, ინოვაციური დიზაინის, მოწინავე ტექნოლოგიითა და განსაკუთრებული ოსტატობით შექმნილი სუპერიახტებითაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ Heesen Yachts-ი სხვა იახტების კომპანიებთან შედარებით ახალგაზრდაა, მან უკვე 170-ზე მეტი ყველა ზომისა და სიჩქარის იახტა შექმნა. პრემიუმ იახტების მწარმოებელი კომპანიის შემოსავალმა 2022 წელს, 450 მილიონ დოლარს მიაღწია.

კიდევ ერთი ჰოლანდიური კომპანია, რომელიც იახტების წარმოებით ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, Feadship-ია. მაღალი კლასის, ძვირად ღირებული იახტების კომპანია 1949 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილი, ინოვაციური და ეკომეგობრული იახტებს წარმოებითა ცნობილი. ჰოლანდიური კომპანია იახტებს შეკვეთით ქმნის და მომხმარებლის ნებისმიერ სურვილსა და საჭიროებას ითვალისწინებს. 2022 წლის შედეგებით Feadship-ის შემოსავალმა 488 მილიონი დოლარი შეადგინა.

მდიდრული და მაღალი ხარისხის იახტებით გამორჩეულ კომპანიათა შორისაა Sunseeker International, რომელიც 1969 წელს, დიდ ბრიტანეთში დაარსდა. 543 მილიონი წლიური შემოსავლით Sunseeker International-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იახტ-კომპანიაა. მას ყოველწლიურად 150-ზე მეტი იახტის წარმოებაა შეუძლია, მათ შორის: flybridge ტიპის, სპორტული და სუპერიახტების. Sunseeker International-ის მიერ წარმოებული პროდუქცია უმდიდრეს ადამიანებში მუდამ პოპულარობით სარგებლობს.

ბრიტანეთსა და ჰოლანდიასთან ერთად, ძვირად ღირებული იახტების მწარმოებელ კომპანიებს იტალიაშიც აღმოაჩენთ. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კომპანია, 1958 წელს დაფუძნებული Sanlorenzo-ა. კლასიკური სტილისა და ავთენტური დიზაინის მქონე იახტებს კომპანია შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ექსკლუზიური კლიენტებისთვის ქმნის. 650 მილიონი დოლარის შემოსავლით Sanlorenzo მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული იახტ-კომპანიაა.

ინდუსტრიის კიდევ ერთი ლეგენდა, ასევე იტალიური კომპანია Ferretti Group-ია, რომელიც 1968 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, ძვირად ღირებული, მდიდრული იახტების წარმოება დაიწყო. ჯგუფის პორტფელში რამდენიმე ისეთი პრესტიჟული ბრენდია გაერთიანებული, როგორიცაა: Ferretti Yachts, Pershing, Riva და Custom Line. მილიონერების საყვარელი იტალიური ჰოლდინგი, მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირადღირებული იახტების კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად 1.2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

იტალიელები რომ განსაკუთრებულ იახტებს ააწარმოებენ, ეს სიახლე სულაც არ არის, ამას კიდევ ერთი კომპანია, იტალიური იახტის ინდუსტრიის კონგლომერატი, Azimut-Benetti Group-იც ადასტურებს, რომელიც 1.3 მილიარდი დოლარის შემოსავლით, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული იახტის მწარმოებელი კომპანიაა. 1969 წელს დაარსებული ჯგუფი ინოვაციური დიზაინით, უახლესი ტექნოლოგიებითა და განსაკუთრებული ოსტატობითაა ცნობილი. მის პორტფელშია: Azimut Yachts, Benetti Yachts და Atlantis Yachts.

და ბოლოს, მსოფლიოში იახტების მწარმოებელი ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიის ტიტული, Lürssen-ს ერგება, რომელიც 1875 წელს, გერმანიაში დაფუძნდა და მალევე ტექნოლოგიურად მოწინავე სუპერიახტების მწარმოებელი, ლიდერი კომპანია გახდა. Lürssen ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ყველაზე ძვირად ღირებულთან ერთად Lürssen-ი ყველაზე ასაკოვანის ტიტულსაც ფლობს, რომელიც თითქმის 150 წელია სიმდიდრისა და ფუფუნების მთავარ სიმბოლოს ქმნის.