18.მაისი .2020 11:51

IBRD-ისგან საქართველო 73.1 მლნ ევროს მიიღებს - სესხის პირობები და მიზნობრიობა

views 791
უკან

1 მაისს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD)-ს შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას COVID 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განხორციელების მიზნით. სასესხო შეთანხმების ფარგლებში IBRD გამოყოფს 73,1 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსებას სესხის სახით, - აღნიშნულ საკითხს დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებში განიხილავენ და მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.

პროექტის განმარტებით ბარათში სესხის ძირითადი ფინანსური პირობებია გაწერილი:

სესხის ხანგრძლივობა : 26 წელი (მათ შორის შეღავატიანი პერიოდი 13 წელი); 
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: Euribor-ზე დაფუძნებული ფიქსირებული მარჟით (2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით Euribor შეადგენს -0.170%, ფიქსირებული საპროცენტო მარჟა შეადგენს 1.25%-ს, სესხის ათვისების შემდეგ საპროცენტო განაკვეთი ავტომატურად ფიქსირდება);
სესხის ვალუტა:  ევრო; 
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0.25%, რომელიც ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას;
სესხის ვალდებულების გადასახადი: 0.25%, რომელიც ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას.

განმარტებით ბარათის თანახმად, პროექტის მიზანია საქართველოში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა და მასზე რეაგირება.

პროექტი შედგება სამი ნაწილისგან და მოიცავს COVID 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემილოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდასა და კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას; ასევე, COVID 19-ით უშუალოდ, თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

პროექტის განმახორციელებელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.  პროექტის დასრულების დასრულების თარიღია 2022 წლის 30 აპრილი.

ცნობისთვის: გარდა ამისა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 30 მარტს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომლის შედეგადაც ქვეყნისთვის €45 მილიონი ევროს (150 მლნ ლარის) ფინანსური რესურსი გახდა ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა