22.ოქტომბერი .2021 23:16

ICCA-მ და EBA-მ საჯარო შესყიდვების კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და პოზიციები წარმოადგინეს

ICCA-მ და EBA-მ საჯარო შესყიდვების კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და პოზიციები წარმოადგინეს
views 195
უკან

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ/ICCA და ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ/EBA საჯარო შესყიდვების კანონპროექტის არსებულ რედაქციასთან დაკავშირებით ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი წარმოადგინეს. აღნიშნული დოკუმენტი იმ შენიშვნებსა და პოზიციებს მოიცავს, რომლებიც ამ ორმა ბიზნეს ასოციაციამ, როგორც აღნიშნული მიმართულებით შექმნილმა კოალიციამ, წევრი კომპანიების მოსაზრებებზე დაყრდნობით და საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით შეიმუშავა.

ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში უმასპინძლა და ის ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ გახსნა. ასევე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ICCA-ს და EBA-ს გამგეობის თავმჯდომარეებმა, ზვიად თოიძემ და ჯონ ბრაიკეველდტმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ასევე ასოციაციების წევრი კომპანიებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დოკუმენტი სახელწოდებით შენიშვნები და პოზიციები საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის მიმართ ევროკავშირის #2014/24/ EC, 2004/18/EC დირექტივის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე, რომელიც წარმოადგინეს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და ექსპერტმა დავით მარღანიამ, მოიცავს 18 ძირითად შენიშვნასა და პოზიციას, სხვადასხვა მიმართულებით.

ანა საბახტარიშვილი, ICCA: "შენიშვნები რამდენიმე მიმართულებით გვაქვს და პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონპროექტით კვლავ დაუბალანსებელია ურთიერთობა და ხელშეკრულება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის. გარკვეული კორუფციული რისკების ზრდის შესაძლებლობასაც ვხედავთ ამ ახალი რედაქციით და, შესაბამისად, ამაზეც გვინდა ვესაუბროთ სხვა ასოციაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. გამოიყო საკითხი, როგორიც არის შავ სიაში შეყვანის წესი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ რაღაც მიმართულებით, ზედმეტად კოპირებულია დირექტივიდან და საჭიროა, რომ მიესადაგოს ქართულ რეალობას. "

ჯონ ბრაიკეველდტი, EBA: „წევრი კომპანიების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ევროპული ბიზნეს ასოციაციისთვის საჯარო შესყიდვები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხია. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების თანხვედრა ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან, თუმცა, აუცილებელია მოხდეს ამ პროცესში ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება, ქართული რეალობის მხედველობაში მიღება და ორიენტირი საქართველოში ბიზნესისთვის ზრდის შესაძლებლობაზე. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ დოკუმენტის მომზადების პროცესში კოალიციის წევრი კომპანიების აქტიური ჩართულობა დაფიქსირდა, ამასთან, აღსანიშნავი იყო სექტორული მრავალფეროვნება. ადვოკატირების ეფექტიანად წარმართვისთვის, უმნიშვნელოვანესია, დოკუმენტის შესაბამის ადრესატებთან ერთად დეტალური განხილვა საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში. ჩვენი ასოციაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან და მონაწილეობა მიიღოს ამ ფორმატის შეხვედრების ორგანიზებასა და ფასილიტაციაში.“

აღნიშნული კანონპროექტი ბიზნეს ასოციაციებს განსახილველად და საკუთარი მოსაზრებების და რეკომენდაციების წარმოსადგენად 2021 წლის დასაწყისში გადაეცათ. კანონპროექტი შემუშავებულია 2018-2021 წლებში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის პროცესის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით. საჯარო შესყიდვების არსებული რედაქციის შესახებ აღნიშნული პოზიციების შემუშავება და წარდგენა CIPE-ის (Center for International Private Enterprises) ფინანსური მხარდაჭერით და To Do Club-ს ექსპერტული ჩართულობით განხორციელდა.