21.ივნისი .2022 17:44

ICCA-მ ევროკოდების შემსწავლელ პროგრამაზე მიღება გამოაცხადა

ICCA-მ ევროკოდების შემსწავლელ პროგრამაზე მიღება გამოაცხადა
views 597
უკან

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ევროკოდების შემსწავლელ სასერტიფიკატო პროგრამაზე მსმენელთა მიღება დაიწყო. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის ევროკოდების ძირითადი პრინციპების შესწავლას.

საკითხის აქტუალობა უკავშირდება მიმდინარე რეფორმას, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს და გულისხმობს სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ შემუშავებული სამშენებლო კოდების (ევროკოდები*) თარგმნისა და საქართველოში დანერგვის პროცესს.

ანა საბახტარიშვილი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ, როგორც სექტორული ასოციაცია, ხშირად ვსაუბრობდით სამშენებლო ინდუსტრიაში არსებულ პრობლემატიკაზე, რაც გულისხმობს მოძველებული და ჯერ კიდევ საბჭოთა სტანდარტების გამოყენებას მშენებლობაში. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, მოგვეცა შესაძლებლობა, განვახორციელოთ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პროფესიონალების გადამზადებას და მათი ცოდნით აღჭურვას ევროკოდების მიმართულებით. აღნიშნული აქტივობის საშუალებით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინება იქნება სავალდებულო, ქვეყანას უკვე ამ მიმართულებით სპეციალიზებული კადრების გარკვეული ოდენობა ეყოლება. ვინაიდან პროგრამა წარმოადგენს ტრენერთა ტრენინგს, პირველ ეტაპზე გადამზადებული სპეციალისტები შემდგომში უკვე ცოდნას გაავრცელებენ თავის კოლეგებშიც და ჩაატარებენ საპილოტე ტრენინგებს, რაც საბოლოო ჯამში, დაეხმარება ქვეყანას რეფორმის დანერგვის პროცესის დაჩქარებაში.”

პროგრამას გაუძღვებიან სფეროს კვალიფიციური ექსპერტები და ტრენერები, რომლებიც წინასწარ, სწორედ აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის შედგენილი პროგრამის მიხედვით დაგეგმავენ სწავლებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები არიან ასოციაციის პარტნიორი უნივერსიტეტები (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტი GAU, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი). ამ უნივერსიტეტების მიერ წარდგენილი კანდიდატურები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროგრამის სილაბუსის სამუშაო ვერსიის განხილვაში, ისე შესაბამისი მასპინძელი ორგანიზაციების განსაზღვრასა და ტრენინგების შედეგების ანალიზში, სამომავლო გეგმების დასახვაში. სამუშაო ჯგუფი, გარდა უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა, დაკომპლექტებულია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს და ასევე, სამშენებლო და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებისაგან.

ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის პროფესორი, პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი: “მშენებლობა დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, მრავალკომპონენტიანი და სწრაფად განვითარებადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოწვევებიც საკმაოდ დიდია ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, საქართველო, როგორც არსებული სამშენებლო ობიექტებით, ასევე საინჟინრო დარგის სწავლების და ნორმირების მიმართულებით ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საინჟინრო სკოლას მიეკუთვება. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს გვაქვს საშუალება, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოვახდინოთ და იმ პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავს დარგის ტრანსფორმირებას თანამედროვე ევროპულ ინჟინერიაში, ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ.

ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საბჭოთა სტანდარტებიდან და ტექნიკური ნორმებიდან ევროპულ სტანდარტებზე გადასვლაა. ამ პროცესში საგანამანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული ასოციაციებისა და ხელისუფლების ჩართულობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ევროპული ნორმების დანერგვას მშენებლობაში, რაც, თავისთავად განაპირობებს, სამშენებლო სფეროს ორიენტაციას ევროპული მიმართულებით.“

ტრენინგი სექტემბერი-ნოემბრის დროის შუალედში გაიმართება. მის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ 21-35 წლის ასაკობრივი კატეგორიის ინჟინრები, რომელთაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი და გამოცდილება პროექტირების მიმართულებით სამშენებლო, საპროექტო, საექსპერტო ან საზედამხედველო ორგანიზაციაში. ამასთან, კანდიდატები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას, მინიმუმ საშუალო დონეზე.

*ევროკოდები ეს არის ევროპული სტანდარტები (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს სტანდარტები შემუშავებულია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ. ევროკოდები შედგება 10 ნაწილისგან, დანომრილი 0-დან 9-მდე (ნაწილები 0, 1, 7 და 8 მოიცავს ყველა ტიპის კონსტრუქციას, ხოლო ნაწილები 2, 3, 4, 5, 6 და 9 ცალკეული სამშენებლო მასალით დაპროექტების წესებს). ევროკოდების მიზანია: დაადგინოს შენობა-ნაგებობების მექანიკური სიმტკიცის, მდგრადობის და უსაფრთხოების წესები, ასევე, მზიდი კონსტრუქციის სახანძრო მედეგობის წესები ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად, ასევე, დაადგინოს ერთიანი წესები მშენებლობისა და პროექტირებისთვის.
(R)