მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-მ შრომის კანონმდებლობასა და შრომის უსაფრთხოების შესახებ ვორკშოფს უმასპინძლა

6176c665abe99
ინგა მურუსიძე
25.10.21 19:25
552
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც შრომის კანონმდებლობასა და შრომის უსაფრთხოებას ეხებოდა.

ღონისძიება გახსნა ICCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა. ასევე დამსწრეებს მიესალმა CIPE (Center for International Private Enterprise)-ის პროგრამის ოფიცერი მარიამ ქუჩულორია.

ვორკშოფის მთავარი მიზანი სამშენებლო სექტორისთვის შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციების ირგვლივ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება და მისი პრაქტიკული გამოყენების სწავლება იყო. მის აუდიტორიას ძირითადად, სამშენებლო კომპანიების უმაღლესი რგოლისა და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები წარმოადგენდნენ.

“სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მშენებლობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო დარგს შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, ჩვენთვის, როგორც დარგობრივი ასოციაციისათვის, რომელიც სწორედ სამშენებლო კომპანიებს აერთიანებს, შრომის უსაფრთხოების თემატიკაზე სწავლება და ინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ ღონისძიების მხარდამჭერების დახმარებით, მოგვეცა შესაძლებლობა, ამჯერად სწავლება არა მხოლოდ წევრი კომპანიებისთვის დაგვეგეგმა, არამედ მასში ჩაგვერთო ასევე სექტორის სხვა წარმომადგენლები.

ვორკშოფი ამჯერად განსხვავებული ფორმატით წარიმართა და მასში მონაწილეობას შრომის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, იღებდნენ ასევე კომპანიის ტოპ-მენეჯერები. ამან მოგვცა საშუალება, რომ ყურადღება გაგვემახველებინა ისეთ საკვანძო საკითხზე, როგორიცაა მენეჯმენტის როლი შრომის უსაფრთხოების დაცვაში. ასევე, მონაწილეებთან ერთად გვესაუბრა არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების, არამედ შრომითი უფლებების თემატიკაზე. “

ვორკშოფი განხორციელდა CIPE-ის ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკის შრომის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში და, ასევე, ასოციაციის წევრი კომპანია York Towers-ის სპონსორობით", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის/ICCA აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ ამერიკის შრომის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში, CIPE-ის ფინანსური თანადგომით, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას“, როგორც ბიზნეს ასოციაციას, მიეცა შესაძლებლობა, რომ ორგანიზება გაუწიოს შრომის კანონმდებლობისა და უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო აქტივობის გზით, სექტორს მიეწოდოს ინფორმაცია ამ კონკრეტული და ძალიან აქტუალური მიმართულებით. ბიზნეს ასოციაციების როლი, არსებითად, უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში და თითოეული განხორციელებული აქტივობა წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს”, - აღნიშნა CIPE-ს პროგრამის ოფიცერმა, მარიამ ქუჩულორიამ.

ღონისძიების ფარგლებში, შრომის ინსპექციის მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ოპერატიული ინფორმაციის მოძიების, მონიტორინგისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის სამმართველოს უფროსმა ლევან აბაშიძემ ისაუბრა შრომის ინსპექციის მანდატსა და მის უფლებამოსილებებზე.

ასევე, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა კომპანია York Towers-ის დირექტორის მოადგილე, მარიამ ლორთქიფანიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა კომპანიის პრიორიტეტებზე, რომელთა შორის, ერთერთი უმთავრესი სწორედ შრომის უსაფრთხოებაა.

„კომპანია იორკ თაუერსისათვის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სამშენებლო სექტორს სწორად განვითარებაში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს, რომლებიც სამშენებლო საქმიანობას გახდის კიდევ უფრო უსაფრთხოს და ეფექტურს. კომპანია იორკ თაუერსს ამ ეტაპზე ორი მასშტაბური პროექტი აქვს ტაბახმელასა და ლისზე, ასევე უახლოეს მომავალში ვიწყებთ ახალ პროექტს ბათუმში, შესაბამისად ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების თემატიკა ჩვენთვის აქტუალურია”, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა ვორკშოფს, რომელსაც გაუძღვნენ შრომის უსაფრთხოების კომპანია “საფკოს” თანადამფუძნებელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ინსტრუქტორი და მრჩეველი თორნიკე თოდრია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. ვორკშოფის მიმდინარეობაში აქტიური ინსტრუქტაჟით იყო ჩართული კომპანია York Towers-ის შრომის უსაფრთხოების მენეჯერი.

სამუშაო შეხვედრა 23 ოქტომბერს გაგრძელდა და დღის ბოლოს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მსგავსი ტიპის კიდევ ერთი ღონისძიების ჩატარება.

დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან მიმართებით. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით, რაც შეადგენს 580,000 დოლარს.

აღნიშნული ფაქტი აუცილებლად არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას.

(NS)