მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-მ წევრ კომპანია bim³-თან ერთად სემინარი „ციფრული რევოლუცია მშენებლობაში“ გამართა

616e96496ffa1
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.21 14:10
1241
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და წევრი კომპანია „ბიმ კუბის“ ორგანიზებით, Caucasus Build 2021-ის ფარგლებში, 16 ოქტომბერს სემინარი თემაზე „ციფრული რევოლუცია მშენებლობაში“ გაიმართა.

სემინარის სპიკერი კომპანია “ბიმ კუბის“ დამფუძნებელი ოთარ დავითაძე გახლდათ, რომელმაც BIM ტექნოლოგიაზე ისაუბრა, როგორც მშენებლობის ინოვაციურ მიმართულებაზე, რომელიც არაერთ სრულიად ახალ შესაძლებლობას იძლევა დარგში და მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

რა შეიძლება იყოს სამშენებლო ტექნოლოგიებში სხვადასხვა გამოწვევების გადაწყვეტის გზები, რა შესაძლებლობას იძლევა თანამედროვე და კონკრეტულად, BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია, რა სარგებელი მოაქვს მას სამშენებლო ბაზრისათვის და რა გამოცდილება არსებობს მსოფლიოში ამ მიმართულებით, ეს იყო სწორედ სემინარის მთავარი თემა.

"პანდემიური ვითარების გამო, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. გარემო-პირობებიდან გამომდინარე საჭირო გახდა სამშენებლო სფეროც გადასულიყო ავტომატიზებულ და ციფრულ სამუშაო პროცესებზე. შესაბამისად, “ბიმ კუბის” გუნდი აქტიურად არის ჩართული ქართული „აიმ“ (არქიტექტურა-ინჟინერია-მშენებლობა) ინდუსტრიისათვის არსებული სირთულეების პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზებაში. როგორც მოგეხსენებათ, ქართულ სამშენებლო ბაზარზე დამკვიდრებული სტანდარტი უკვე მოძველებულია და საჭიროებს განახლებას, სწორედ BIM ტექნოლოგია გახლავთ ბაზარზე ახალი თამაშის წესების შემოღების საშუალება, რაც, თავის მხრივ, დარგის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროცესის დაწყება წარმოადგენს ქართული სამშენებლო ბაზრის უმთავრეს საჭიროებას, ვინაიდან თანამედროვე/ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვასა და განხორციელებას”, - აცხადებს bim³-ის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელიანა კუხალეიშვილი. 
 
“ჩვენთვის, როგორც სამშენებლო ასოციაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში მივაწოდოთ სექტორს განახლებადი ინფორმაცია მსოფლიო სამშენებლო ინოვაციების შესახებ. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც თავად წევრი კომპანია არის ქვეყანაში სიახლის დამნერგავი და მზად არის, საკუთარი ცოდნა გაუზიაროს სხვებსაც”, - აღნიშნავს ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი.
   
სემინარზე მოწვეულნი იყვნენ სამშენებლო და საპროეექტო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამშენებლო მიმართულებით აკადემიური სექტორი და სტუდენტები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
(NS)