მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCR GROUP: 2021 წელს ობიექტების 20-25%-ით შემცირება მოგვიწევს

5fec8d68de7c8
ელენე გოგბერაშვილი
30.12.20 22:00
1100
BAG-ის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებში დადებითი განწყობებია ვაჭრობის სექტორში, თუმცა გამოკითხული კომპანიების თითქმის 53% ამბობს, რომ გაყიდვების კლება ყველაზე მეტად სწორედ ამ სექტორშია მოსალოდნელი.

ICCR GROUP-ის ხელმძღვანელის თქმით, სექტორს ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს. მათი პროგნოზით, მომავალ წელს სავაჭრო ობიექტები 20-25%-ით შემცირდება. როგორც ორგანიზებულ, ისე არაორგანიზებულ რითეილში კი მოსალოდნელია დასაქმებულთა რიცხვის საშუალოდ 40%-ით შემცირება.

„ვთვლით, რომ 2021 რთული წელი იქნება. ჩვენი პროგნოზით, 2021 წელი 2020-ზე უკეთესი ვერ იქნება. თუ მივიღეთ ის შედეგი, რაც 2020-ში გვქონდა, ჩავთვლით, რომ საკმაოდ კმაყოფილი დავრჩებით, თუმცა პროგნოზები არ გვაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას.

ჩვენ თუ შევინარჩუნეთ 2020-ის შედეგი, ვთვლით, რომ მინიმუმ 20-25%-ით მოგვიწევს ობიექტების შემცირება. ვგულისხმობ მსხვილ კომპანიებს. მარტივად რომ ვთქვათ, ვამსხვილებთ ბიზნესებს. „სუპერზე“ რომ მოგიყვეთ, 27 ობიექტი გვქონდა და მომავალ წელს წარმოდგენილები ვიქნებით 14 ობიექტით. ფორმატიც შევცვალეთ და პატარა ფორმატები დავკეტეთ. გადაადგილებებია მსხვილ კომპანიებში, პატარა კომპანიები კი უფრო რთულ სიტუაციაში იმყოფებიან, ბევრი დაიხურა კიდეც“, - აცხადებს კახა ხაზარაძე.

მისი თქმით, რითეილ სექტორი დაახლოებით 120 ათას ადამიანს ასაქმებს. მათი გათვლებით, ორგანიზებულ რითეილში მომავალ წელს პერსონალის 20-30%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ჯამში კი სექტორში დასაქმების მაჩვენებელი საშუალოდ 40%-ის ფარგლებში დაიკლებს.