მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6-მილიონიანი ინვესტიციით, ცეცხლმაქრების და სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის ქარხანა გაიხსნა

615034a132212
BM.GE
26.09.21 12:40
1740
კომპანია „ელ+“ - მა სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის ქარხანა გახსნა. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო დააფუძნა. კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

საწარმო ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარებს, ცეცხლგამძლე კარადებს, ცეცხლმედეგ ვენტილირებად ფასადებს, მეტალის სტელაჟებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო. 

ქარხნის გახსნას დაესწრო ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ახალი წარმოება ქვეყანაში ამ კატეგორიის საქონლის იმპორტს შეამცირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქართულ წარმოებებს ჩვენ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი. ეს შესაძლებელი იქნება ჩვენი განახლებული, გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, რადგან სწორედ ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოება, რომელიც იმდენად ხარისხიან ინვენტარს ამზადებს, რომ ძირითადად მოთხოვნა ჩვენი სამშენებლო კომპანიებიდან, ჩვენი ორგანიზაციებიდან სწორედ ამ ქართული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარსა და დანადგარებზე მოდის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საწარმო 200-მდე ადამიანს ასაქმებს.