მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI - პოლიტიკური შემოწირულებები: თავისუფალი ნება თუ ბიზნეს ინვესტიცია?

5ef3383d20346
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.20 15:45
854
2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელიც, როგორც წესი, შემოწირულებების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. 2020 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, მმართველ პარტიას უკვე მიღებული აქვს 4,7 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება. გასულ 2019 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შუალედური არჩევნები ჩატარდა, ქართულმა ოცნებამ 7 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო.

IDFI-იმ გამოაქვეყნა მიმოხილვა ქვეყანაში პოლიტიკური შემოწირულობებისა და შემდგომში ამ შემომწირველების მიერ სახელმწიფოსგან სხვადასახვა სახით მიღებული სარგებლის შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, უკვე არაერთი წელია შეიმჩნევა ტრენდი, როდესაც მსხვილი ბიზნესი მმართველი პარტიისთვის შემოწირულობის გაკეთების შემდეგ სხვადასხვა სარგებელს იღებს.

IDFI-ი პოლიტიკური შემოწირლობების შესახებ:

"საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ ფიზიკური პირისგან ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებები არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან კი - 120,000 ლარს. პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკის შემცველია. კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით ფაქტობრივად უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით. ამასთან, კომპანიები ხშირად სხვადასხვა გზებით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია.

2020 წლის შემოწირულობები:

ქართული ოცნების სასარგებლოდ 2020 წლის 3 ივნისისათვის ჯამურად 204 შემოწირულებაა განხორციელებული და ყველა შემომწირველი ფიზიკური პირია. თუმცა, საინტერესოა, რომ ხშირად ერთი კომპანიის თანამფლობელები და დირექტორები ერთსა და იმავე პერიოდში სწირავენ თანხებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შემომწირველები ერთი კომპანიის ისეთი თანამშრომლები არიან, რომლებიც ორგანიზაციაში მმართველ თანამდებობებს არ იკავებენ, რის გამოც ძალიან რთულდება მათი კომპანიასთან დაკავშირება. ეს პრაქტიკა შესაძლოა მიუთითებს, რომ შემოწირულება არა ფიზიკური პირის პოლიტიკური პრეფერენციის ან პარტიის დაფინანსების სურვილითაა გამოხატული, არამედ ამაში სწორედ ბიზნესის ინტერესი იკვეთება.

მაგალითისთვის, 2020 წლის იანვრიდან 3 ივნისის ჩათვლით განხორციელებული შემოწირულებებიდან იკვეთება არაერთი ფიზიკური პირი, რომლებიც სავარაუდოდ კავშირში არიან შპს RMG Gold-თან, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი კომპანიის თანამშრომლებად იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.

ქვემოთ ჩამოთვლილი შემომწირველების კავშირების დასადგენად გამოყენებულია RMG Gold-ის ვებგვერდზე განთავსებული მათივე ბეჭდური გამოცემის მასალები, ონლაინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სოციალური ქსელი “Facebook” და საჯაროდ ხელმისაწვდომი სახელმწიფო ონლაინ რესურსები.

მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირეს:

- RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ;

- წარმოების დირექტორმა, კობა მენაბდიშვილმა;

- კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა;

- ვლადიმერ კახეთელიძემ, რომელიც 2018 წლის ინფორმაციით,უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო;

- ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონდო შუბითიძემ, რომელიც RMG-სთან დაკავშირებული სხვა კომპანიის მფლობელია;

- ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ბალანჩივაძემ;

- გარემოს დაცვის საკითხებში დირექტორმა, მიხეილ კვარაცხელიამ;

- RMG-ის რესურსების გეოლოგმა (2017 წლის ინფორმაცია), მალხაზ ნაცვლიშვილმა;

60,000-ზე ნაკლები შესწირეს:

- კახაბერ კეკელიძემ, რომელიც 2014 წლის ინფორმაციით RMG-ის გამამდიდრებელი ფაბრიკის დირექტორი იყო - 55,000 ლარი;

- ადამიანური რესურსების მიმართულებით დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ - 50,000 ლარი;

- კორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშვილმა - 40,000 ლარი;

- ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი შატაკიშვილმა - 15,000 ლარი;

- ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა, კესო ჩიღუნაძემ - 30,000 ლარი;

- ზაზა ავალიშვილმა, რომელიც ონლაინ მედიაზე დაყრდნობით, 2014 წელს RMG-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი იყო - 45,000 ლარი;

- RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნატო ნოზაძემ - 7,000 ლარი;

- იროდი (ირაკლი) ჭეჟიამ, რომელიც “Facebook”-ზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, RMG Copper-ის შესყიდვების მენეჯერია - 7,000 ლარი;

- სოციალური პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, დავით მენაბდიშვილმა - 7,000 ლარი;

- 7,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას ჟიული ბერიძემაც, რომელიც RMG-ის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიახლეების მიხედვით, 2014 წელს გამამდიდრებელი ფაბრიკის სარემონტო სამსახურის ხელმძღვანელი იყო;

- გია მუშკუდიანმა 10,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, რომელიც 2015 წლის ინფორმაციით RMG-ის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

- 10,000 ლარის შემოწირულება განახორციელა ჯემალ გიორგაძემაც, რომელიც 2015 წლის ინფორმაციით ასევე RMG-ის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული.

- მაია ნაცვლიშვილმა მმართველ პარტიას 50,000 ლარი შესწირა. ერთი შეხედვით, მას არაფერი აკავშირებს არც RMG Gold-თან და არც სხვა რომელიმე კომპანიაში აქვს ინტერესი, თუმცა, ნაცვლიშვილის მისამართზეა რეგისტრირებული ალექსანდრე ქუთათელაძე, რომელიც 2010-2012 წლებში კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო. თავად მაია ნაცვლიშვილის სახელზე კი იძებნება უძრავი ქონების რეესტრში შპს “კვარციტის” (RMG-ს ძველი დასახელება) კაზრეთში მდებარე უძრავ ქონებაზე ამონაწერის მოთხოვნა.

მხოლოდ აქ მოცემული ინფორმაციით, RMG-სთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ფიზიკურმა პირებმა მმართველ პარტიას 2020 წლის 3 ივნისის ჩათვლით 800 ათას ლარზე მეტი შესწირეს. საგულისხმოა, რომ კომპანიის შედარებით მაღალი რანგის თანამშრომლები დიდ თანხებს სწირავენ, ხოლო საშუალო მენეჯმენტში დასაქმებულები, 15, 10 ან 7 ათას ლარს. გარდა ამისა, შემომწირველთა სიაში ფიგურირებს ათობით სხვა ადამიანი, რომლებიც ბოლნისში, დაბა კაზრეთში ან მიმდებარე სოფლებში არიან რეგისტრირებულნი, ძირითად შემთხვევაში არ აქვთ წილები ბიზნესში და ან საერთოდ არ ფლობენ უძრავ ქონებას, ან მხოლოდ იმ სახლს, რომელშიც რეგისტრირებულნი არიან. ამასთან, მათი ნაწილის სახელები და გვარები იძებნება RMG-ის ონლაინ გაზეთის სხვადასხვა წლის გამოცემაში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ისინიც კომპანიის თანამშრომლები არიან, თუმცა რადგან მათი საბოლოო იდენტიფიცირება ვერ ხდება, აღნიშნული ინფორმაცია კვლევაში არაა წარმოდგენილი.

ის ფაქტი, რომ ერთი კომპანიის ამდენი თანამშრომელი ერთდროულად სწირავს მმართველ პარტიას თანხას, აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული თანხები მობილიზებულია კომპანიის მიერ და შესაძლოა კომპანიის ტოპ მენეჯმენტი იყენებდეს საკუთარ თანამშრომლებს შემოწირულების კანონის დარღვევით განსახორციელებლად. “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ “შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, გამოიწვევს შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა”. აღნიშნულის მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევებში შესაბამისი დასაბუთების მოთხოვნა საქართველოს აუდიტის სამსახურს ევალება.

მსგავსად მოქმედებენ შპს ლილო მოლის დამფუძნებლებიც, რომლებზეც მედია აქამდეც წერდა. კერძოდ, კომპანიის 15-დან რვა მეწილემ და კომპანიის დირექტორმა 2020 წლის 15 მაისს მმართველ პარტიას ჯამურად 455,000 ათასი ლარი შესწირეს. აღნიშნულ პირებს 2017 წლიდან დღემდე მართველი პარტია ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტით აქვთ დაფინანსებული. თუმცა, ლილო მოლის შემთხვევაში მხოლოდ მეწილეებისა და მმართველ თანამდებობაზე მყოფი პირების იდენტიფიცირება ხდება, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელების ფაქტი. მიუხედავად ამისა, ასეთი შემთხვევები აჩენს ეჭვებს, რომ მსგავსი შემოწირულებები არ არის ფიზიკური პირების პოლიტიკური სიმპათიების გამომხატველი, არამედ ემსახურება ბიზნეს ინტერესებს და გვერდს უვლის კანონით დადგენილ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ლიმიტს.

2019 წლის შემოწირულებები

2019 წელს განხორციელებული შემოწირულებები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ეს ის იშვიათი წელია, როცა საქართველოში მხოლოდ შუალედური არჩევნები ჩატარდა. როგორც წესი, საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მხოლოდ მნიშვნელოვან საარჩევნო წლებშია აქტიური. 2019 წლის ჯამური შემოწირულებები კი ზოგ შემთხვევაში აჭარბებს პრეზიდენტის, მერისა და საპარლამენტო არჩევნების წელს მიღებულ თანხებსაც, მაგალითად 2012, 2013 და 2014 წლების შემოწირულებებს

ს.ს. აკურასთან დაკავშირებული შემომწირველი კომპანიები


შემოწირულებების კუთხით კორუფციულ რისკების შემცველია სახელმწიფო შესყიდვები. კერძოდ კი, შემთხვევები, როცა კომპანიები ან მათი დამფუძნებლები თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას, რის შემდეგაც იგებენ მსხვილ ტენდერებს. განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როცა ასეთ კომპანიებთან ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით ხდება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება.

შპს ნატურალი 7-მა მმართველ პარტიას 100,000 ლარი 2019 წლის 29 ნოემბერს შესწირა. გასულ წლებში ამ კომპანიის სახელით შემოწირულება არ განხორციელებულა. შპს ნატურალი 7-ს ორი მეწილე ჰყავს, ვაჟა და მერაბ ქუჩუკაშვილები. თავის მხრივ ვაჟა ქუჩუკაშვილს, 2018 წელს, 18,000 ლარი აქვს შეწირული სალომე ზურაბიშვილისთვის, ხოლო მერაბ ქუჩუკაშვილს - 15,000 ლარი. ამასთან მერაბ ქუჩუკაშვილმა 2019 წლის 12 დეკემბერს მმართველ პარტიას ინდივიდუალურად შესწირა 50,000 ლარი.

შპს ნატურალი 7-თან ერთად, ვაჟა და მერაბ ქუჩუკაშვილები რამდენიმე კომპანიას ფლობენ, რომლებითაც 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვების გზით ჯამში 1,5 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული. ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი გაფორმებულია ერთ შემსყიდველთან - ს.ს. აკურასთან, რომელის 99% -იან წილს სახელმწიფო ფლობს.

ნიშანდობლივია, რომ ამ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვების პირდაპირი ხელშეკრულებები 2012-2017 წლებში უფორმდებოდათ, მას შემდეგ, არც ერთი კომპანიის სახელზე მსგავსი ხელშეკრულება 2019 წლამდე არ იძებნება.თუმცა, მას შემდეგ, რაც ქუჩუკაშვილებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილს თანხები შესწირეს, მათმა ერთ-ერთმა კომპანიამ შპს “ტემპი+”-მა 2019 წლის სექტემბერში 110,000 ლარამდე ღირებულების პირდაპირი ხელშეკრულება მიიღო ს.ს. აკურასგან. რის შემდეგაც, უკვე 2019 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ქუჩუკაშვილებმა ისევ შესწირეს მმართველ პარტიას ჯამში 150,000 ლარი.

შპს ყვარლის სარდაფმა 2019 წლის 6 სექტემბერს ქართულ ოცნებას 100,000 ლარი შესწირა. აღნიშნული კომპანია ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს და 2015 წლიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული. თუმცა 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ, აღნიშნული შემოწირულების განხორციელებამდე შპს ყვარლის სარდაფს პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება აღარ მიუღია. 2019 წლის 20 სექტემბერს, თანხის შეწირვიდან 14 დღეში კომპანიამ მიიღო 164,000 ლარის ღირებულების კონტრაქტი. 2019 წლის შემოწირულების განხორციელების შემდეგ ყვარლის სარდაფმა ჯამში 200,000 ლარამდე ღირებულების კონტრაქტი მიიღო. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ს.ს. აკურა იყო. საინტერესოა, რომ 2007 წლიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, შპს ყვარლის სარდაფის მეწილე იყო დავით თოფურიძე, რომელიც პარალელურად, 2014 წლის 26 სექტემრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბრძანებით, ს.ს აკურას დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. თოფურიძე 2013 წლიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით ასევე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სახელმწიფო საწარმოს, შპს “გრუზვინპრომის”(ამჟამად პრივატიზებულია) დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.

ასევე 2019 წელს 100,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას შპს ტიფლისმა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორიც ზემოთ ნახსენები დავით თოფურიძეა და ეს კომპანიაც ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს. შპს ტიფლისს სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები არ უფიქსირდება. თოფურიძემ თავის მხრივ 50,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს.

ტიფლისიდისტილერი TIFLISI DISTILLERY -ისსახელზეა 100,000 ლარიანი შემოწირულება ქართული ოცნებისთვის 2019 წელს და 100,000 ლარიანი შემოწირულება სალომე ზურაბიშვილისთვის 2018 წელს. აღნიშნული კომპანიაც ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს, მისი ერთ-ერთი მეწილე ისევ დავით თოფურიძეა. აღნიშნული კომპანიაც არ ფიქსირდება როგორც მიმწოდებელი შესყიდვების ვებგვერდზე, თუმცა დავით თოფურიძის სხვა კომპანიას, შპს ბარაკონს, პირდაპირი შესყიდვების გზით 70,000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება აქვს მიღებული, აქაც შემსყიდველი ისევ სს აკურაა.

2019 წელს 100,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას შპს ეიბისიმაც, 2018 წელს კი იმავე რაოდენობის თანხა სალომე ზურაბიშვილს შესწირა.მისი მეწილე ამირან ჯიბუტია, ხოლო დირექტორი სოლომონ გვაჯაია. ჯიბუტი შპს ტიფლისიდისტილერიში დავით თოფურიძის ბიზნეს პარტნიორია, გვაჯაია კი დირექტორი.

საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი კომპანიებიდან ყველას, პირდაპირ ან ირიბად (დამფუძნებლების სხვა კომპანიებით) კავშირი აქვთ სახელმწიფო საწარმო სს აკურასთან, რომელიც ღვინომასალას, ღვინოსა და საბრენდე სპირტს აწარმოებს.

აღნიშნულ საწარმოს ფორბსის 2019 წლის სახელმწიფო კომპანიების რეიტინგის მიხედვით, მე-15 ადგილი უკავია და მისი ბრუნვა 30 მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, აკურას აქციების 99%-ს სახელმწიფო ფლობს, რომელიც მართვის უფლებით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აქვს გადაცემული.

ს.ს აკურა აქტიურადაა ჩართული რთველის პროცესში და თითქმის ყოველ წელს, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მას ევალება რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნული გულისხმობს, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ს.ს. „აკურას“ მიერ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას. ამ აქტივობების განსახორციელებლად, სს აკურა 2016 წლიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს მოთხოვნით სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისათვის მიეცეს უფლება ტენდერის გარეშე შეისყიდოს სხვადასხვა მომსახურება. წარდგენილ განცხადებებში ასეთი საგამონაკლისო მოთხოვნის მიზეზად დასახელებულია შესასყიდი ყურძნის რაოდენობის წინასწარ გათვლის შეუძლებლობა. შესყიდვების სააგენტომ 2016-2019 წლებში სს. აკურასთვის პირდაპირი შესყიდვის გამოყენების 14 მოთხოვნიდან ყველა დააკმაყოფილა, რითიც ს.ს. აკურას 133 მილიონ ლარზე მეტი თანხის მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება მისცა.

სხვა შემომწირველი კომპანიები

შპს ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანიამმმართველ პარტიას 2019 წლის 27 დეკემბერს 100,000 ლარი შესწირა.

ამ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ ორ ელექტრონულ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ორივე შესყიდვა ჯამში 900,000 ლარამდე ღირებულების იყო და ორივეში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი იყო შპს ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალები, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა.

შპს ზიმომაც პირველად 2019 წელს, სექტემბერში შესწირა თანხა მმართველ პარტიას, 100,000 ლარის ოდენობით. კომპანია ცნობილია ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის სამუშაოების შესრულებით. კომპანიას ჯამში 100 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. კომპანიის დამფუძნებლები თანხებს წირავდნენ წინა ხელისუფლებასაც და მაშინაც დიდი რაოდენობის ტენდერებს იგებდნენ. შპს ზიმო გამოირჩევა პირდაპირი შესყიდვის წესით მიღებული მაღალ თანხიანი ხელშეკრულებებით. ასევე, კომპანია 2017 წელს შავ სიაში მოხვდა პროექტის ვერ დასრულების გამო.

2016-2019 წლებში შპს ციტადელს ჯამში 240,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია, რომელსაც ოცნებისთვის და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 180,000 ლარი აქვს შეწირული. კომპანიის დირექტორს, ბადრი ბუთხუზს კი - 35 ათასი ლარი. თავის მხრივ, ალექსანდრე ივანიშვილი სხვა კომპანიებსაც ფლობს, რომელთა შორისაა ტორნადო + 85,000 ლარიანი შემოწირულებით. ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა თამაზ ხარაიძე, რომელსაც ასევე 2019 წელს აქვს შეწირული 20,000 ლარი ქართული ოცნებისთვის.

რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, შპს ციტადელს 2018 წელს სს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 450,000 ლარიანი ელექტრონული ტენდერი უკონკურენტოდ აქვს მოგებული. ალექსანდრე ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანიას, შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიას 227,000 ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ორ სხვა დამფუძნებელს ჯამში ქართული ოცნებისთვის და სალომე ზურაბიშვილისთვის 225,000 ლარი აქვთ შეწირული.

2019 წლის შემომწირველებიდან სულ 15 იყო ისეთი კომპანია, რომელმაც მმართველ პარტიას 100,000 ლარი შესწირა. აქედან 9 კომპანია და მათ მფლობელებთან დაკავშირებული სხვა კომპანიები, აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში, უმეტესად კი პირდაპირი შესყიდვების გზით.

გარდა ამისა, IDFI-ის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ კომპანიებიდან ხუთი ერთ ინდუსტრიაში, ღვინის წარმოების ბიზნესში მოღვაწეობს და ყველა მათგანი სახელმწიფო შესყიდვებში დამოკიდებულია ერთ შემსყიდველზე - ს.ს. აკურაზე. მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში შემომწირველი კომპანიების მეწილეები ინდივიდუალურადაც ახორციელებენ შემოწირულებებს, რაც ცხადია ზრდის მათ მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული თანხების ოდენობას.

ის გარემოება, რომ უმეტეს შემთხვევაში შემოწირულების განხორციელება და პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულებების მიღება დროში ერთმანეთს ემთხვევა, აჩენს ეჭვს, რომ პირდაპირი შესყიდვები სახელმწიფოს მხრიდან შესაძლოა გამოიყენებოდეს როგორც მმართველი პარტიისათვის შემოწირულებების მოზიდვის ინსტრუმენტი. ამასთან, უშუალოდ ს.ს. აკურას მიერ სახელმწიფო შესყიდვებისას უმეტესად გამარტივებული შესყიდვის გამოყენება იმ პერიოდშიც, როცა რთველი არ მიმდინარეობს, აჩენს შესაძლებლობას ეს თანხები მიიმართოს სწორედ იმ კომპანიებისკენ, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული კავშირი ან დაინტერესება არსებობს.

დასკვნა

IDFI-ის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური დაფინანსების კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ როგორც წესი, დარღვევები გამოიხატება კანონით დადგენილი მოთხოვნებისათვის თავის არიდებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქმედება შესაძლოა ფორმალურად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს, თუმცა რეალურად ეწინააღმდეგებოდეს კანონის მიზნებს.

სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ აუცილებელია აუდიტის სამსახურმა გააძლიეროს მონიტორინგის ფუნქცია, დროულად გამოავლინოს შესაძლო დარღვევების ფაქტები, მოითხოვოს შესაბამისი დასაბუთებები და დააკისროს ჯარიმა დამრღვევ სუბიექტებს.

ამასთან, წინამდებარე კვლევის შედეგად გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ვფიქრობთ მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური დაინტერესდეს როგორც ს.ს აკურას შესყიდვების ეფექტიანობით, ასევე RMG Gold-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერებით.