მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI: კომენდანტის საათის მანიფესტაციებზე გავრცელება პოლიტიკურ კრიზისს უკიდურისად გაამწვავებს

5fa905914e099
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 13:05
933
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს არ მიიღოს Covid-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

IDFI-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.

„2020 წლის 6 ნოემბრის პრემიერ მინისტრმა განცხადა, რომ შეზღუდვები არ შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მომდევნო დღეს საქართველოს მთავრობამ 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ ძირითად ქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადება დააანონსა.

აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაო აკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება. ეს არის კომენდანტის საათი - „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაცნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება.

თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას“, - ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში.