მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI: კომუნიკაციების კომისია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ახალისებს

5ec8faaf7f8a8
BM.GE
23.05.20 14:27
1339
2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის საქმიანობის მიზანს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

იმ მიზნით, რომ „მედიააკადემიაზე“ გავრცელდეს კანონით დადგენილი საჯაროობის სტანდარტები და ის მოთხოვნები, რასაც კანონი საჯარო დაწესებულებების მიმართ ადგენს, IDFI-მ გამოითხოვა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, თუმცა როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ვერ მიიღო, რის შემდეგაც მათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართეს. როგორ განვითარდა მარეგულირებელთან ამ საკითხე კომუნიკაცია, ამის შესახებ IDFI განცხადებას აქვეყნებს.

"ხაგზასასმელია, რომ „მედიააკადემია“, რომელიც თავისი ფორმით არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს წარმოადგენს, ახორციელებს კანონით დადგენილ საჯარო უფლებამოსილებებს. კონკრეტულად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს და კანონითვეა განსაზღვრული, რომ კომისია უფლებამოსილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დააფუძნოს. შესაბამისად, „მედიაკადემიის“ დაფუძნებისა და მასზე კომისიის საჯარო უფლებამოსილებების გადაცემის გზით „მედიააკადემია“ ფუნქციონალური გაგებით საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს და მასზე სრულად უნდა გავრცელდებს კანონით დადგენილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნები. დაუშვებელია, კომისიამ, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების გზით თავიდან აირიდოს გამჭვირვალეობის ის ხარისხი, რასაც საჯარო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს. სამწუხაროდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და თავად „მედიააკადემიაც“ ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ისინი თავიანთი მიმართულებებით დისტანცირებულნი არიან ერთმანეთისგან და „მედიააკადემიის“ კერძოსამართლებრივ ორგანიზაციულ ფორმას იყენებენ კანონით დადგენილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების ამ სფეროზე გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

იმ მიზნით, რომ „მედიააკადემიაზე“ გავრცელდეს კანონით დადგენილი საჯაროობის სტანდარტები და ის მოთხოვნები, რასაც კანონი საჯარო დაწესებულებების მიმართ ადგენს, IDFI-იმ გამოითხოვა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის, „მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, მედიააკადემიაში მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები დანახარჯების მითითებით, მათი ბიუჯეტი და სხვა. სამწუხაროდ, „მედიააკადემიის“ წერილით უარი გვეთქვა ინფორმაციის მიღებაზე, ხოლო საფუძვლად მიეთითა, რომ „მედიააკადემია“ არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით.

IDFI-იმ „მედიააკადემიის“ უარის წერილი გაასაჩივრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც „მედიააკადემიის“ დამფუძნებელ და ზედამხედველ ორგანოში, რომლის წინაშეც აკადემიას ანგარიშვალდებულება გააჩნია და რომლის კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნითაც შეიქმნა ორგანიზაცია.

2020 წლის 12 მარტს ჩაინიშნა ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი, სადაც კომისიამ განმარტა, რომ მხოლოდ დაფუძნების ფაქტი ავტომატურად არ გულისხმობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზემდგომ ორგანოდ განხილვის საფუძველს. ამ აზრს, IDFI-იც იზიარებდა და შესაბამისად, ამაზე მითითების საჭიროება არ არსებობდა. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ყურადღების მიღმა დატოვა მთავარი საკითხი - „მედიააკადემიის“ საქმიანობა და ფუნქციები სადამფუძნებლო დოკუმენტებით ემსახურებოდა კომისიის კანონით დადგენილი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანს. კერძოდ, სსიპ „კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა სხდომაზე განაცხადა:

„იმ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, რაც კომისიას აკისრია და აქვს კანონით განსაზღვრული, აქტივობები, რაც საქართველოში კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას უწყობს ხელს, საჭიროებდა ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ დაფუძნებას. კანონით განსაზღვრული საჯარო უფლებამოსილებების განსახორციელებლად კომისიას აქვს უფლება შექმნას ა(ა)იპ, რომელზეც გარკვეული აქტივობების დელეგირებას გააკეთებს. მაგრამ საჯარო უფლებამოსილებების განხორციელებას კომისია ვერავის გადასცემს და არც ამ შემთხვევაში გადაუცია ა(ა)იპ „მედიააკადემიისთვის.“

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო უფლებამოსილების დელეგირება აქტივობის გადაცემად მიიჩნია, თუმცა, სამართლებრივად ბუნდოვანია რა იგულისხმობდა ამაში. „მედიააკადემიის“ შექმნილი პლატფორმები „მედიალაბი“, „მედიაკრიტიკა“ და „მედიასკოლა“, რასაც კომისია ასევე „აქტივობების“ გადაცემის ფარგლებში განიხილავს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული, როგორც კომისიის უფლებამოსილება (იხ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით შექმას სხვადასხვა პლატფორმები). ამდენად, კომისია ამ გზით - საჯარო უფლებამოსილების გადაცემის „აქტივობად“ მოხსენიებით, გვერდს უვლის იმ ვალდებულებებს, რაც საჯარო დაწესებულებას კანონით გააჩნია. აღსანიშნავია, რომ IDFI-ის პოზიციას ამყარებს უზენაესი სასამართლო პრაქტიკაც, რომლის მიხედვითაც, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საჯარო დაწესებულების საჯარო ფუნქციებს, ამ მიმართებით შექმნილი ინფორმაცია უნდა დაექვემდებაროს გაცემას და ამ შემთხვევაში, ორგანიზაციის კერძო-სამართლებრივი ფორმა მხედველობაში არ მიიღება.

კომისია დამატებით მიუთითებდა, რომ არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც კომისიის ვალდებულებად „მედიააკადემიის“ საჩივრების განხილვას განსაზღვრავს. კომისიამ ამგვარი მიდგომით, სამწუხაროდ, გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ჩანაწერით სწორედ კომისიის ფუნქციებში შედის მედიაწიგნიერების სფეროს განვითარება, სხვადასხვა პლატფორმების შექმნა, ამასთანავე „მედიააკადემიის“ წესდებით კომისია ამტკიცებს „მედიააკადემიის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პროგრამებსა და პროექტებს, აკადემიის ბიუჯეტს, ორგანიზაციულ სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა სახელფასო ბადეს, კომისიის წინაშეა ანგარიშვალდებული აკადემიის დირექტორი, რომელიც თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. შესაბამისად, კომისია „მედიააკადემიის“ მართვაშიც იღებს მონაწილეობს და ის მხოლოდ დამფუძნებელი არ არის.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე, იმ მოტივით რომ ის არ წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. IDFI ასაბუთებდა რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებული იყო განეხილა „,მედიააკადემიის“ წინააღდეგ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი, რადგან „მედიაკაადემია“ წარმოადგენდა კომისიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებში შექმნილ პირს, რომელიც სრულად ანგარიშვალდებული იყო კომისიის წინაშე, რომლის ბიუჯეტს ამტკიცებდა კომისია და რომლის ხელმძღვანელ პირს ნიშნავდა კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული ფაქტორები კუმულაციაში კი უდავოდ მიუთითებდა იმაზე რომ კომისია წარმოადგენდა „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

მას შემდეგ რაც IDFI შეეცადა კომისიის ყურადღება მიექცია იმ ფაქტზე რომ კომისიამ „მედიაკადემიის“ შექმნისას მასზე მოეხდინა საკუთარი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების დელეგირება, კომისიის თავმჯდომარემ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია:

„ამ (IDFI-ის) ლოგიკით, ყველა აქტივობა, რასაც კომისია „აუთსორსზე“ აკეთებს, უფლებამოსილების დელეგირება გამოდის. მაგალითად, კომისიას, თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ესაჭიროება წინასაარჩევნო მონიტორინგი, რომელსაც აუთსორსზე ახორციელებს, ან ესაჭიროება საკონსულტაციო მომსახურება ბაზრის კვლევისთვის და აცხადებს ტენდერს და ქირაობს Ernst & Young-ს. ანუ, საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას კონკრეტული აქტივობისთვის აცხადებს საერთაშორისო ტენდერს და ქირაობს მაგალითად Ernst & Young-ს და გარკვეული აქტივობების შესრულება გადასცა მას კონტრაქტით. წარმომადგენლების აზრით, ეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დელეგირებაა? ეს იგივე შემთხვევაა.“

ვფიქრობთ კომისიის თავმჯდომარის ზემოთდასახელებული პოზიცია განსაკუთრებით პრობლემურია. უკეთეს შემთხვევაში მოცემული ემსახურებოდა საქმის არსის ძირითადი ფაქტორისგან ყურადღების გადატანას. სხდომის დასრულების შემდგომ, IDFI-მ წერილობით მიმართა კომისიას და მოითხოვა სხდომის ვიდეო/აუდიო ოქმის გაცემა. კომისიამ უარი განაცხადა სხდომის აუდიო/ვიდეო ჩანაწერის მოწოდებაზე. კერძოდ, აუდიო ჩანაწერთან მიმართებით აღნიშნა, რომ ის წარმოადგენდა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, გააჩნდა დამხმარე ფუნქცია და კომისიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა სხდომების აუდიოჩანაწერების შენახვა–დაარქივება. სხდომის ვიდეო ჩანაწერის მიწოდებასთან დაკავშირებით კომისიამ გვაცნობა, რომ კომისიის სხდომების ვიდეო ჩაწერა არ იწარმოებოდა და კომისია უზრუნველყოფდა მხოლოდ კომისიის სხდომების გაშუქებას „ლაივ-სტრიმით“. ნაცვლად სხდომის ვიდეო/აუდიო ოქმის მოწოდებისა, კომისიამ გასცა სხდომის წერილობითი ოქმი.

სამწუხაროა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელს უწყობს მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის მარეგულირებელი ორგანოების საჯაროობის პრინციპთან.

საკუთარი უფლებების დაცვისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით IDFI-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. IDFI იმედოვნებს, რომ სასამართლო მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვტილებას, დაადასტურებს რომ „მედიააკადემია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და დააკისრებს მას საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას. აღნიშნული მიაწვდის სწორ გზავნილს სახელწმიფო დაწესებულებებს, იმის შესახებ რომ საკუთარ უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით თავიდან ვერ იქნება აცილებული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება", - ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.