მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI: სახელმწიფო კომერციულ იურიდიულ პირებს ქმნის და კონკურენციას უწევს კერძო სექტორს

6067655f66e53
ლიკა გურაბანიძე
02.04.21 19:00
347

“მაშინ, როდესაც სახელმწიფო საწარმოების დაფინანსება ბიუჯეტიდან ხდება, ღიაობის და ანგარიშვალდებულების მასშტაბი მაღალი უნდა იყოს” - ამის შესახებ IDFI-ს ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით მაისურაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

დავით მაისურაძე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეფორმირება ორნაირად შეიძლება მოხდეს: ხელისუფლებამ დაიტოვოს თავისი წილი სახელმწიფო კომპანიაში, თუმცა, გაიზიაროს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები; ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას და დალისტოს საფონდო ბირჟაზე.

"როგორც წესი საუკეთესო პრაქტიკა არის ცენტრალიზებული მოდელით მართვა, ანუ გამოყოფილია ერთი სსიპ ან ქვეყუწყება, რომელიც არის საწარმოების მართვაზე პასუხისმგებელი. ან შესაძლოა ავიღოთ დუალისტური მოდელი – მენეჯმენტზე, დირექტორატზე ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო, თუმცა, შინაარსობრივ საქმიანობას განსაზღრავს პროფილური სამინისტრო",– აცხადებს დავით მაისურაძე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის მეორე ვარიანტად IDFI-ს წარმომადგენელი ასახელებს შპს–ებად დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა. 

"ვგულისხმობ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ვაჭრობას",– აცხადებს დავით მაისურაძე და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას სხვა ანგარიშვალდებულება ექნება, რომელიც დამახასიათებელია კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნილი ღიაობის პრინციპისთვის. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო საწარმოებში დაინერგოს კორპორატიული მართვის პრინციპი და ეს სტანდარტები სავალდებულო იყოს.

"მნიშვნელოვანია გაწერილი იყოს თანამშრომლების აყვანის სტანდარტი, სახელფასო განაკვეთები, რისკების განსაზრისა და რეაგირების მექანიზმები კრიზისულ გარემოში და ა.შ.",– აცხადებს დავით მაისურაძე. 

მისივე თქმით, სახელმწიფო ბაზარზე კომერციულ იურიდიულ პირებს ქმნის, რომელთაც გარდა იმისა, რომ ანგარიშვალდებულების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ფაქტობრივად სახელმწიფოსგან შეუზღუდავი მხარდაჭერით სარგებლობენ და ამით ფაქტობრივად არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ჩვეულებრივ იურიდიულ პირებს უწევენ.

"უხეშად რომ დავარქვათ, ეს სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც სტრუქტურიზებულია როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელი ღიაობის სტანდარტი არ აქვს” - განაცხადა მაისურაძემ.