მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI შესყიდვების კანონპროექტს აკრიტიკებს - "დავების საბჭოს წევრები მოსამართლეებივით უნდა აირჩიონ"

5ecbf34a3a6f4
სალომე მეცხვარიშვილი
25.05.20 22:20
1268
სახელმწიფო შესყიდვების კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი დავების საბჭოს ხელახალ ფორმირებას გულისხმობს. შედეგად დავების განხილვის საბჭო დამოუკიდებელ ერთეულად ყალიბდება. მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით საბჭოში სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან. საჯარო კონკურსის შედეგად შეირჩევა საბჭოს 5 წევრი, რომლებსაც ეკრძალებათ პარალელურ რეჟიმში სხვა კერძო თუ საჯარო სამსახურში მუშაობა (გარდა სამეცნიერო თუ პედაგოგიური საქმიანობისა). საბჭოს წევრობის 10 კანდიდატს აარჩევს პრემიერ-მინისტრთან არსებული სპეციალური კომისია, საბოლოო შემადგენლობას კი პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სიახლეა ისიც, რომ საბჭოს წევრებს ანაზღაურება დაენიშნებათ. კანონპროექტით მათი ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 9 ათასი ლარი იქნება.

დავების საბჭოს რეფორმას კრიტიკულად აფასებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI). ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ანანო ჭიაბრიშვილი ამბობს, რომ შემოთავაზებული ვარიანტი ვერ უზრუნველყოფს დავების საბჭოს დამოუკიდებლობას.

“ზოგადად, IDFI მიესალმება რეფორმას ამ კუთხით და გვიხარია, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 წლის შემდეგ მაინც დაიძრა პროცესი. მიგვაჩნია, რომ ცვლილებათა ეს პაკეტი ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც საქართველომ 2014 წელს აიღო. საქართველოს უნდა შეექმნა ან გაეძლიერებინა სახელმწიფო ტენდერებთან არსებული დავების განხილვის საბჭო, როგორც დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი ორგანო.

ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივით კი, ევროკავშირის წევრ ან კანდიდატ ქვეყანას, რომელიც ქმნის ასეთ ორგანოს, ევალება, რომ ამ ორგანოს წევრთა დანიშვნა მოხდეს იმგვარი წესებით, როგორითაც ისინი ნიშნავენ მოსამართლეებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრები პროფესიით მოსამართლეები არ არიან და შეიძლება იურისტებიც კი არ იყვნენ, ასრულებენ სწორედ ამგვარ საქმიანობას.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საბჭოს წევრები დაინიშნონ (მოსამართლეების შერჩევის) იდენტური ან ძალიან მსგავსი წესით. შემოთავაზებული კანონპროექტით, პრემიერის მიერ საბჭოს წევრების ერთპიროვნულად დანიშვნის წესი ვერ უზრუნველყოფს ამგვარ პროცედურას. გაზრდილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თუ კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შექმნა ვერ აზღვევს ამ რისკებს”,- ამბობს ანანო ჭიაბრიშვილი.

კანონპროექტით, დავების საბჭოს ეყოლება აპარატი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს შემადგენლობაში იქნება. IDFI-ის შენიშვნა ამ მიმართულებითაც აქვს. ანანო ჭიაბრიშვილის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ დავების საბჭო სახელმწიფო ბიუროკრატიულ აპარატს მაინც ვერ წყდება.