მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IFC-ის დახმარებით, ნინიძეების კომპანიამ EU-ში ექსპორტზე 10 ტონა თაფლი გაიტანა

606b0d6920e9a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.21 09:00
1949
2020 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტმა 21 ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 200%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC–ის) ინფორმაციით, გასულ წელს ექსპორტირებული თაფლის დიდი მოცულობა - კონკრეტულად კი 10 ტონაზე მეტი თაფლი ევროკავშირის ბაზარზე - იტალიაში გაიგზავნა, რომლის მწარმოებელი კომპანია „ლევან ნინიძე და ვაჟიშვილებია“.

„ასეთი რეკორდული რაოდენობით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის პირველი შემთხვევა იყო. ეს წარმატება ერთგვარი მოტივაცია გახდა თაფლის მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის“, - აღნიშნავენ IFC-ში, რომლის აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის პროექტის ბენეფიციარი სწორედ ნინიძეების კომპანიაა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში განმარტავენ, რომ 2020 წლის ნოემბერში ადგილობრივი საექსპორტო კომპანია შპს „აგრო ფექტორი“ გივი ნინიძეს IFC-ის პროექტის ფარგლებში დაუკავშირდა.

„IFC–ის მხარდაჭერა ქართული თაფლის ექსპორტის ზრდის მიზნით ერთგვარი საპილოტე პროექტია, რომელსაც სოფლის მეურნეობის სხვა სექტორებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. მოსალოდნელია, რომ ეს წარმატება სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესების მოტივაციას გაუჩენს ცხოველური წარმოშობის სხვა სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებსაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტები ევროკავშირში ექსპორტზე გავა, მათზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, სხვა ბაზრებზეც, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაშიც, გაიზრდება.

იტალიაში ნინიძის თაფლის ექსპორტის ეს პირველი წარმატება თაფლის მწარმოებლებისა და პოტენციური ექსპორტიორებისთვის კარგი მაგალითი და ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებას. სულ უფრო მეტი ექსპორტიორი იჩენს ინტერესს სანდო ქართველი მეფუტკრეების პროდუქციის მიმართ“, - აღნიშნავენ IFC-ში.

თავად თაფლის მწარმოებელი გივი ნინიძე ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ მას მერე, რაც ევროპაში ქართულ თაფლს დააგემოვნებენ, სულ უფრო მეტი ევროპელი მომხმარებელი დაინტერესდება ქართული თაფლის შესყიდვით.

„მეფუტკრეობას ახლავს მუდმივი მოლოდინის და იმედის შეგრძნება. ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად სწორედ ის მიზიდავს, რომ იმედების და მოლოდინის დიდი ნაწილი მართლდება”, - ამბობს გივი ნინიძე.

IFC–ში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საქართველომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის ზრდა დაისახა მიზნად, განსაკუთრებით ისეთ დარგებში, რომლებშიც ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა აქვს. თაფლი ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმებებით ქვეყანას ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ევროპაში გატანის საშუალება მიეცა, თაფლის ექსპორტის მოცულობა წლების მანძილზე მაინც მცირე იყო. ამის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი შეუსაბამო უვნებლობის პარამეტრები იყო, რაც არასათანადო მეფუტკრეობის პრაქტიკას, განსაკუთრებით კი ვეტერინარული მედიკამენტების გაუმართლებელ გამოყენებას უკავშირდებოდა. 2017-2018 წლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული თაფლის მონიტორინგის პროგრამის შედეგებმა დაადასტურა, რომ თაფლის ნიმუშების ნახევარზე მეტი ანტიბიოტიკების ნარჩენებით იყო დაბინძურებული.

სწორედ ამ დროს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებთან მუშაობა დაიწყო IFC-ის აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის პროექტმა, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA–სთან) პარტნიორობით ხორციელდება. IFC-ის პირველი ნაბიჯი ქართული ბიზნესის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის ძირითად სამიზნედ მეფუტკრეობის სექტორი შეირჩა. ვინაიდან თაფლი დაბალი რისკის ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელსაც ღირებულებათა მოკლე ჯაჭვი ახასიათებს, მოსალოდნელი იყო, რომ შედარებით მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი ევროკავშირის სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან ქართული თაფლის შესაბამისობის მიღწევა.

IFC-მ მეფუტკრეებთან მუშაობა ტრენინგებითა და საკონსულტაციო მომსახურებით დაიწყო, რაც სექტორისთვის ყველა საჭირბოროტო საკითხს ფარავდა, საფუტკრის მართვით დაწყებული და ახალი გადამამუშავებელი საწარმოს დაგეგმარებით დასრულებული. პარალელურად, IFC და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლებაზეც მუშაობდნენ.

თანდათანობით ანტიბიოტიკების ნარჩენებით დაბინძურებული თაფლის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუკი 2017 წელს ნიმუშების 56% იყო დაბინძურებული, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10%-მდე ჩამოვიდა, რაც სარგებლის მომტანია არა მხოლოდ ექსპორტისთვის, არამედ ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც.

IFC-ის დახმარება ასევე მოიცავდა ინსპექტორებთან და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან მუშაობას მათი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. კონკრეტულად ლაბორატორიისთვის გაწეული დახმარება ითვალისწინებდა თაფლში კონტროლს დაქვემდებარებული ნარჩენების ტესტირების მეთოდების დანერგვას. შედეგად, 2020 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან თაფლის მონიტორინგის ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში თაფლის ნიმუშების შემოწმების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა. წინა წლებში კი ნიმუშებს ტესტირებისთვის უცხოურ ლაბორატორიაში აგზავნიდნენ, რაც შესაბამისად უფრო ძვირიც ჯდებოდა და მეტ დროსაც მოითხოვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, IFC განაგრძობს მუშაობას ზოგადად საქართველოს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობისა და კონკრეტულად მეფუტკრეობისა და თაფლის გადამამუშავებელი სექტორებისთვის განკუთვნილი მოთხოვნების განახლებაზე. მიმდინარე პროექტი IFC–ის რეგიონული პროგრამის ნაწილია, რომელიც სხვა ქვეყნებს, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვას, სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაზრდაში დაეხმარა.

ცნობისთვის: გივი ნინიძე, 40 წლის ოფთალმოლოგი, მეფუტკრეების ოჯახში გაიზარდა. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც 2004 წელს წარმატებულმა ექიმმა ოჯახის თაფლის ბიზნესი გადაიბარა და მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. ახლა ნინიძის კომპანია თაფლის რამდენიმე სახეობას აწარმოებს, რომელიც IFC–ის დახმარებით ექსპორტზე ევროპაშიც გადის.