მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგორ კოლომოისკის, რომელიც აშშ-ის გამოძიების ქვეშაა, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა

62ef63d402340
შოთა ტყეშელაშვილი
07.08.22 11:11
1243
იგორ კოლომოისკიმ, რომელიც Forbes-ის შეფასებით, $1-მილიარდიან ქონებას ფლობს, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა - ამის შესახებ ირკვევა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებიდან, რომელიც უკრაინულმა გამოცემა Ukrainskaya Pravda-მ მოიპოვა.

კოლომოისკის წინააღმდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აწარმოებს გამოძიებას, რაც ფულის გათეთრების მრავალმილიონიან სქემას უკავშირდება, თუმცა მას ოფიციალურად ბრალი არ აქვს წარდგენილი. წარდგენის შემთხვევაში მისი უკრაინიდან ექსტრადირება იქნება შესაძლებელი, რადგანაც მას უკრაინის მოქალაქეობა უკვე აღარ აქვს.

უკრაინის გარდა, კოლომოისკი კვიპროსისა და ისრაელის მოქალაქეობასაც ფლობს.

კოლომოისკი 2015 წლამდე დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. მან ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, PrivatBank-ით დააგროვა. ბანკი უკრაინის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი იყო და მასზე ქვეყნის დეპოზიტების ერთი მესამედი მოდიოდა. თუმცა, 2016 წელს უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების მრავალწლიანი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, კოლომოისკი და მისი ბიზნესპარტნიორი გენადი ბოლოგლიუბოვი PrivatBank-ს ჩამოაშორა და ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა.

2022 წლის 20 იანვარს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებაზე, რაც იგორ კოლომოისკის და მისი ბიზნესპარტნიორის, გენადი ბოგოლიუბოვოვის მიერ PrivatBank-იდან მითვისებულ მილიონებს შეეხებოდა. აშშ-ის იუსტციის სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი საკრედიტო ხაზებისა და დოკუმენტების შედეგად, კოლომოისკი აშშ-ში მრავალმილიონიანი ქონების მესაკუთრე გახდა. მათ შორის იყო უძრავი ქონება - ცათამბჯენები ქალაქ დალასის ცენტრში, ასევე საოფისე შენობა კლივლენდში.

ამასთანავე, კოლომოისკიმ ბანკისგან თაღლითურად დაუფლებული თანხებით, აშშ-ში მეტალურგიული ქარხნებიც შეიძინა. მთლიანობაში საუბარია 13 მეტალურგიულ ქარხანაზე, 5 ცათამბჯენზე და ორ საოფისე პარკზე.

იგორ კოლომოისკის ქონების ნაწილი საქართველოშიც არის განთავსებული. საუბარია კომპანია “ჯორჯიან მანგანეზზე”, რომელიც ფეროშენადნობების უმსხვილესი ქართული მწარმოებელია. კომპაია აერთიანებს ჭიათურის გამამდიდრებელ კომბინატს, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. ჯგუფი ასევე ფლობს ვარციხეჰესის ჰიდრეოელქტროსადგურს.

2017 წლიდან მოყოლებული “ჯორჯიან მანგანეზი” სპეციალური მართვის რეჟიმში იმყოფება. სპეციალური მართვის რეჟიმს წინ მთავრობის მიერ კომპანიისთვის მრავალმილიონიანი ჯარიმების დაკისრება უძღვოდა, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი მოთხოვნების აღსრულების მიზნით კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა. 2020 წელს კომპანიის სპეციალური მართვის რეჟიმი 2023 წლამდე გახანგრძლივდა.