მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუმჯობესდა - ISET

62e7a6f8056e4
მარიამ ვარადაშვილი
01.08.22 14:22
627
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკურმა სკოლამ [ISET] ბიზნესის განწყობის ინდექსი გამოაქვეყნა. ISET-ის თანახმად, 2022 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება წინა კვარტალთან შედარებით (+13.8) მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად კი თითქმის 50 პუნქტით სოფლის მეურნეობის სექტორში შემცირდა. 

ორგანიზაცია BCI-ის დადებით ცვლილებას მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირებს. კვლევითი ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, ბიზნესის განწყობის ინდექსი იცვლება [-100; +100] სკალაზე. ინდექსის სიდიდე გვაჩვენებს გამოკითხული რესპონდენტების დადებითი და უარყოფითი პასუხების შეწონილ ბალანსს. თუკი გამოკითხული ბიზნესების 100% იქნება პოზიტიურად განწყობილი, მაშინ ინდექსი გაუტოლდება 100-ს. -100 ნიშნავს იმას, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი უარყოფითად არის განწყობილი.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 16.2 პუნქტით გაიზარდა და 2022 წლის III კვარტლისთვის 6.7-ს გაუტოლდა.

მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მომსახურებისა (+38.7) და მშენებლობის (+30.8) სექტორებში დაფიქსირდა. რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინების ინდექსს, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 25.6 პუნქტამდე შემცირდა.

ISET-ის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების გაუარესება ყველა სექტორში დაფიქსირდა, გარდა მშენებლობის და მომსახურების სექტორებისა. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 11.6-ით შემცირდა და 29.8 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში საკუთარი პროდუქტის გაძვირებას ვარაუდობს, შემცირდა. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი შემცირდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობის სექტორისა. III კვარტლისთვის მსხვილი საწარმოებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მცირე და საშუალო ბიზნესები კი ძირითად გამოწვევებად მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე დაბალ ხელმისაწვდომობას ასახელებენ.

ორგანიზაციის ცნობითვე, კვლევაში 26 მსხვილი და 134 მცირე და საშუალო კომპანია  მონაწილეობდა.