მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში, Pfizer-ის Paxlovid-ის გაყიდვებმა $7.5 მილიარდი შეადგინა

6363ca997bbfa
გიორგი არონია
04.11.22 00:35
1121
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Pfizer-მა 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიის გლობალურმა შემოსავალმა $22.6 მილიარდი შეადგინა, რაც, წლიდან წლამდე, 6%-იან კლებას წარმოადგენს.

Pfizer-ის შემოსავლის კლება პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ბოლო წლებში, ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტის შემოსავლის დიდი ნაწილი, სწორედ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე მოდიოდა. ამ პროდუქტით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Pfizer-მა $4.4 მილიარდი დააგენერირა, რაც წლიდან წლამდე, 66%-იანი კლებაა.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტლის შემოსავლის კლების მიუხედავად, Pfizer-მა მისი წლიური შემოსავლის მინიმალური პროგნოზი $99.5 მილიარდიდან $102 მილიარდამდე გაზარდა. ამასთანავე, $34 მილიარდამდე გაიზარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შემოსავლის პროგნოზი, ხოლო Paxlovid-ის გაყიდვების მაჩვენებელი - $22-მილიარდიან ნიშნულზე უცველად დარჩა. ცნობისთვის გეტყვით, რომ Pfizer-ის მიერ წარმოებულმა ამ ანტივირუსულმა პრეპარატმა, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე შემთხვევების მკურნალობისას გამოიყენება, გასულ კვარტალში, კომპანიას $7.5 მილიარდის შემოსავალი მოუტანა.

ანტივირუსული პრეპარატის გარდა, 2022 წლის მესამე კვარტალში გაიზარდა კოვიდთან დაკავშირებული სხვა მედიკამენტების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალიც: სისხლის გამათხელებელი პრეპარატის, Eliquis-ის გაყიდვებმა 9%-ით იმატა და $1.5 მილიარდი შეადგინა, ხოლო პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინის, Prevnar-ის გაყიდვები 11%-ით გაიზარდა და კომპანიას $1.6 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მოუტანა. 2022 წლის მესამე კვარტალში 6%-ით გაიზარდა ამერიკული კომპანიის მოგებაც, რომელმაც $8.6 მილიარდი შეადგინა.

თუმცა, როგორც ჩანს, Pfizer-ს პანდემიაზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირება სურს - ამაზე მიუთითებს კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ალბერტ ბურლას განცხადება, რომლის თანახმავ, მომავალ თვრამეტ თვეში კომპანია ცხრამეტი ახალი პრეპარატის გამოშვებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ პარალელურად ამისა, Pfizer-ი ზრდასაც აგრძელებს: მესამე კვარტალში, ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა ორი დიდი გარიგება დახურა - საუბარია Biohaven-ის $11.6 მილიარდად და Global Blood Therapeutics-ის $5.4 მილიარდად შესყიდვაზე.

Pfizer-ის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას დადებითად შეხვდა საფონდო ბირჟა - დილის ვაჭრობისას, აქციათა ფასმა დაახლოებით 2%-ით მოიმატა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.