24.ნოემბერი .2022 11:55

III კვარტალში საქართველოს რეზიდენტების ვიზიტები საზღვარგარეთ 3-ჯერ გაიზარდა

III კვარტალში საქართველოს რეზიდენტების ვიზიტები საზღვარგარეთ 3-ჯერ გაიზარდა
views 373
უკან

2022 წლის III კვარტალაში საზღვარგარეთ გამსველელი საქართველოს რეზიდენტების რაოდენობა წლიურად 3.9-ჯერ გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა.

ამ რაოდენობიდან საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა, რაც 3.3-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, III კვარტალში მათმა რაოდენობამ 287.7 ათასი შეადგინა, რაც წლიურად 94.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის მეთოდოლოგიით, ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასულები, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

ტურისტულ ვიზიტში კი იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე გაათენა ვიზიტის ადგილზე.


საქსტატის ინფორმაციით, გასვლების უდიდესი ნაწილი - 46.3%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (43.7%) საყიდლების მიზნით შედგა. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 314.5 ათასი და 79.4 ათასი ვიზიტი.

რაც შეეხება ხარჯებს, III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების რაოდენობამ 539.4 მილიონ ლარს მიაღწია. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა კი 1 014.1 ლარი შეადგინა.