მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილჰამ ალიევმა SOCAR-ის სამართავად სამეთვალყურეო საბჭო შექმნა

600e9bebd1e1f
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 14:32
1345
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 23 იანვარს SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, კომპანიის მართვისთვის სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას გამოცემა TASS.RU აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მის მიერ კორპორატიული მართვის სტანდარტების სრულყოფის მიზნით იქნა მიღებული.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და გაურკვევლობის გათვალისწინებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად SOCAR-ის კონკურენტუნარიანობა, მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა, საინვესტიციო ეფექტურობის გაზრდა და აქტივების მნიშვნელოვანი ზრდა იქცა.

ბრძანების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო 7 ადამიანისგან შედგება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი ინიშნება.

ცნობისთვის: კომპანია SOCAR-ი აზერბაიჯანში ნავთობის, გაზისა და ნახშირწყალბადების მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც მათ გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და შიდა დაგარე ბაზრებზე რეალიზაციას ახდენს. მის შემადგენლობაში შედის 3 მწარმოებელი გაერთიანება - ნავთობგადამამუშავებელი და გაზგადამამუშავებელი ქარხნები, ბაქოს ღრმაწყლოვანი ქარხანა, სამეცნიორო - კვლევითი დაწესებულება და სხვა ქვეგანყოფილებები.