მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია ბეგიაშვილი: ძალიან გადაჭარბებული იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა ან ჩავარდნის პირას იყო

5e1efe48ab202
თელარა გელანტია
15.01.20 17:00
894
"ორივე მთის კურორტი, ბაკურიანი და გუდაური, თავისი სამარაგე სისტემებით, წყლით, 24-საათიანი, უწყვეტი რეჟიმით მარაგდება,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბაკურიანსა და გუდაურში სეზონისთვის მზადება დროულად დაიწყო და სხვადასხვა უწყებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჯგუფმა გაანალიზა ყველა ის პრობლემა, რომელიც გასულ წელს არსებობდა კურორტებზე, მათ შორის: საცობების, პარკინგების, წყალმომარაგების, გზების მოწესრიგების, მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, დაისახა გეგმები და გატარდა ღონისძიებები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ბეგიაშვილის თქმით, წყლის არსებული მარაგი სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო ყველა იმ აბონენტისთვის, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უწევს ოპერირებას, თუმცა წლევანდელმა მშრალმა ყინვებმა გამოიწვია მიწისქვეშა წყაროების გაყინვა, რის გამოც დაიკარგა გარკვეული რაოდენობის დებეტი.

"გუდაურში გვქონდა პრობლემა მხოლოდ ერთ კომპლექსთან, მთლიანი გუდაური კი 24-საათიან რეჟიმში მარაგდებოდა. ანალოგიური ვითარება იყო ბაკურიანშიც. წყალმომრაგება და წყალარინება ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა, არსებულ სირთულეებს დაემატა ავარიებიც, რამაც განაპირობა დებეტის სიმცირე. თუმცა ვერ დავეთანხმები იმას, რომ საკურორტო სეზონისთვის წყალმომარაგების მხრივ ყველაფერი გაუთვლელი იყო. ერთადერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი იყო, რომ დებეტის მსგავს ვარდნას ნამდვილად არ ველოდით,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მისივე თქმით, მთიან კურორტებზე მუდმივად იზრდება აბონენტების რაოდენობა და მხოლოდ გასულ წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ბაკურიანში, 800 ახალი აბონენტი დაიერთა, საიდანაც 200-ზე მეტი კომერციული ობიექტია.

"წარმატებული საკურორტო სეზონისა და ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, წყალი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის, თუმცა მთლიანობაში თუ შევაფასებთ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებული და აბსოლუტურად უადგილოა იმის თქმა, რომ სეზონი ჩავარდა ან ჩავარდნის პირას იყო. აქვე დავამატებ, რომ იმ ადგილებში სადაც პრობლემა არსებობდა, წყალმზიდების საშუალებით 24-საათიან რეჟიმში ვაწვდიდით წყალს,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.