მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილი: „მინდა მივულოცო უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიის გადაწყვეტილება“

62acae85269e9
თამთა ჯიჯავაძე
17.06.22 20:38
1146
ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ჰქონდა უფრო მეტის მოლოდინი, თუმცა მნიშვნელოვანია რომ „ევროკომისიამ ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის გადაწყვეტილება“.

„ეს არის დასტური იმისა, რომ თუ აქამდე პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობდით, დღეს უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგის ვალდებულებების იმპლემენტაციის პარალელურად, გაგვეგრძელებინა ევროკავშირთან მუშაობას საქართველოს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის შესასრულებლად.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკომისიის აზრი, რომელიც მნიშვნელოვანია შემდგომი პროცესისთვის, ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. მასზე მსჯელობას გააგრძელებს ევროპული საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. აქვე მინდა მივულოცო უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში ომში მყოფი უკრაინის და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე მყოფი მოლდოვას მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ქვეყნების წახალისების მიზნით იყო ნამდვილად შესაბამისი ნაბიჯი ევროკომისიის მხრიდან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც პირობების დაკმაყოფილების შემდეგ კანდიდატის სტატუსს ითვალისწინებს. კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება.