მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარის II ნაწილიც შეავსო

6274e20ea3602
მარიამ ვარადაშვილი
06.05.22 12:55
1438

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის მეორე ნაწილი მოამზადა. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შევსებულ კითხვარს ქართული მხარე ევროკომისიას 10 მაისს გაუგზავნის.

“საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა. ეს დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას. ვგეგმავთ 10 მაისისთვის ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილი გადავცეთ.

როგორც თქვენთვის ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური/სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია”, - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა.

სრულად შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

საქართველომ ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით 3 მარტს მიმართა. 11 აპრილს კი ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.