მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის შეუსრულებელი დაპირებები

6340242407cbf
თათია კაკიაშვილი
09.10.22 23:49
2325
Twitter-ის გამო ილონ მასკი პოტენციურად 44 მილიარდი დოლარით დაზარალდა, რომლის შეძენაზეც ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა რამდენჯერმე უარი თქვა. თუმცა, საბოლოოდ მასკმა Twitter-ის შესასყიდად მზადყოფნა გამოთქვა და დასძინა, რომ “შესყიდვა ერთი ნაბიჯით დაახლოვებდა ე.წ. "ყველაფრის აპლიკაციის" შექმნისკენ”, რომელსაც მასკმა X-ი უწოდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ჩანს, მასკი და მისი იურისტების გუნდი გარიგების დასრულებას მხოლოდ ერთი მიზეზით ცდილობენ - თავიდან აიცილონ სასამართლო პროცესი, რომელიც მასკის რეპუტაციას კიდევ უფრო დააზარალებს. ეს უკანასკნელი კი ექსცენტრიული ბიზნეს გენიოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - რეპუტაცია, რომლის მოსაპოვებლადაც მან ამდენი იშრომა.

მოულოდნელი არაა, რომ მილიარდერმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „ყველაფრის აპში“, არსებობს ვარაუდები, რომ მან შთაგონება ე.წ. „სუპერ აპებიდან“ აიღო - მაგალითად, Tencent-ის საკუთრებაში არსებული WeChat-იდან. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. თუმცა, მრავალი წარმატების მიუხედავად, საზოგადოება მიჩვეულია მასკისგან მსგავს ამბიციურ დაპირებებს, რომლებიც ხშირად გაუთვალისწინებელი მიზეზებით ან დროში იწელება, ან ვერ სრულდება. მაგალითად, მას დიდი ხნის დაპირებული ელექტრო სატვირთო მანქანა არ შეუქმნია; არც Tesla დაუპროგრამებია ისე, რომ უსაფრთხოდ ან საიმედოდ მართოს საკუთარი თავი. რატომ? პასუხი არ არსებობს.

ჯერ კიდევ 2017 წელს Tesla Roadster-ის ახალი მოდელი უნდა გამოსულიყო, ავტომობილი ძალიან, ძალიან სწრაფი უნდა ყოფილიყო, იმდენად სწრაფი, რომ მას მილიარდერი დაპირებებში რაკეტას ადარებდა. ჯერჯერობით არც შტატებში და, მით უმეტეს, მსოფლიოს სხვა ნაწილში, მიწაზე სწრაფად მოძრავი რაკეტა არსად ჩანს.

ამავე წელს Tesla-ს ნახევრად სატვირთო მანქანის წარმოებაზე უნდა დაეწყო მუშაობა, რომელსაც სატვირთოს მძღოლი მაღალი დონის სისტემის ზედამხედველად უნდა ექცია, ამავდროულად გამონაბოლქვი უნდა შეემცირებინა და მიწოდების ჯაჭვის ინდუსტრიაში რევოლუცია მოეხდინა. ასეთი ნახევრად სატვირთო გაყიდვაში 2022 წლის ბოლოს უნდა ჩაშვებულიყო, თუმცა როგორც ირკვევა, ჯერ მის წარმოებაზე მუშაობაც არაა დაწყებული.

2018 წლიდან Tesla-ს აქციები თითქმის 1,900%-ით გაიზარდა, სწორედ ამ პერიოდში ის პირველად გახდა მომგებიანი, ხოლო პიკს გასულ გაზაფხულზე მიაღწია. ეკონომისტების შეფასებით, კომპანიის აქციების ზრდა ეფუძნებოდა Tesla-ს დაპირებას, რომ ის მომავლის ავტომობილების კომპანია გახდებოდა. მალევე მასკი მსოფლიოს დაჰპირდა, რომ Tesla-ს მანქანქები სრულად ელექტრო იქნებოდა, არამედ თვითმართვის პროგრამული უზრუნველყოფას ექნებოდა. ამ რეჟიმის დაუსრულებელი ვერსია ამჟამად ხელმისაწვდომია, თუმცა ავტომობილის სამართავად კვლავ საჭესთან ყურადღებიანი ადამიანია საჭირო.

2019 წელს, Tesla-ში სრულიად ელექტრო Cubertruck აშენებაც იგეგმებოდა, რომელიც მასკის თქმით, "საკმარისად წყალგაუმტარი იქნებოდა იმისთვის, რომ მგზავრებს ემსახურებოდეს როგორც ნავი". ჯერჯერობით არც ეს უკანასკნელი გამოსულა წარმოებაში.

ამავე წელს კომპანია Neuralink-ის მეშვეობით, მასკი ადამიანის ტვინში კომპიუტერული ჩიპის ჩანერგვასაც გეგმავდა. კარგია თუ ცუდი ამ პროექტის დაპაუზება, საზოგადოებამ განსაჯოს.

ის, რასაც ილონ მასკს ვერ დავუკარგავთ, ამ წლების განმავლობაში Tesla-ს მილიონზე მეტი ავტომობილის დამზადებაა. ისიც, რომ SpaceX-ის საშუალებით მან ადამიანები ორბიტაზე დააყენა და რაკეტები ლამაზად და მოწესრიგებულად გაუშვა. ახლა ეს რაკეტები უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს, ვიდრე - დარჩენილი მსოფლიოს რაკეტები ერთად.