მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა $7 მილიარდის TESLA-ს აქციები გაყიდა | რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

62f37f02af18a
გიორგი თოლორდავა
10.08.22 14:00
2857
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ისევ ინვესტორთა ყურადღების ცენტრშია - გასული კვირის განმავლობაში ილონ მასკმა საფონდო ბირჟაზე კომპანია Tesla-ს თითქმის 7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

მილიარდერი ინვესტორისა და მეწარმის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია კომპანია Twitter-თან არსებულ სასამართლო დავასთან. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე Twitter-ის სარჩელს დააკმაყოფილებს და ილონ მასკი იძულებული გახდება, რომ $44-მილიარდიანი შეთანხმება სისრულეში მოიყვანოს, მასკს საჭირო მოცულობის ფულადი სახსრები უნდა ჰქონდეს, რათა კომპანიის აქციების საგანგებო რეჟიმში გაყიდვა ან დამატებით ვალის აღება არ გახდეს საჭირო.

საქმე იმაშია, რომ გასულ თვეს მასკმა Twitter-თან გარიგება ჩაშალა. მისი მტკიცებით, კომპანიის წარმომადგენლობა მიზანმიმართულად არ ამხელდა ინფორმაციას არაავთენტური მომხმარებლების (ბოტები, ტროლები) რეალური რაოდენობის შესახებ, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ მოლაპარაკების პროცესი შეეწყვიტა და კომპანიის 100%-იანი წილის შეძენაზე უარი ეთქვა.

Twitter-ის წარმომადგენლობა სასამართლოში გარიგების პირობების შესრულებას და მილიარდერის მიერ კომპანიის შეძენას მოითხოვს. მათი მტკიცებით, მასკმა უდიდესი ზიანი მიაყენა კომპანიის რეპუტაციას და ინვესტორებს, რის გამოც ის ვალდებულია, რომ პირობა შეასრულოს და კომპანია იყიდოს.

მიუხედავად იმისა, რომ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, მას სოციალური ქსელის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით საბანკო ანგარიშზე არ აქვს - მისი ქონების უდიდესი ნაწილი კომპანიებშია ინვესტირებული, მათ შორის, Tesla-ში. შესაბამისად, აქციების გაყიდვის მიზანი თანხის განაღდებაა.

შეგახსენებთ, რომ Twitter-ის შეძენის მიზნით, მასკმა აპრილშიც მიიღო $8.4 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება.

გარდა აქციების გაყიდვისა, ილონ მასკმა თანხის მოსაზიდად უოლ-სტრიტის ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკს, Morgan Stanley-საც მიმართა, რომელიც მასკს 25.5 მილიარდი დოლარის მოპოვებაში დაეხმარა, საიდანაც 12.5 მილიარდი დოლარი პირდაპირი საბანკო სესხია, რომელიც Tesla-ს აქციებითაა დაზღვეული.



საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.