მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმაზე მეტი კიბერდანაშაული ხდება ვიდრე შსს-ს სტატისტიკა გვაჩვენებს - ანზორ მეხრიშვილი

645d177b7e525
ალა ისპირიანი
11.05.23 20:35
665
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 4.9%-ით, ანუ 12 შემთხვევით არის გაზრდილი.

BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ანზორ მეხრიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ საქართველოს კიბერსივრცეში იმაზე მეტი დანაშაული ხდება, ვიდრე ამას შსს-ს სტატისტიკა გვაჩვენებს, რადგან მისი მოსაზრებით აღნიშნული დანაშაულის შემთხვევაში შესაძლოა დაზარალებულმა უწყებას არც მიმართოს.

„შსს-ს სტატისტიკაში ხვდება მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც მიმართვიანობის შედეგად ფიქსირდება. მიმართვიანობა დაბალია და რეალურად საქართველოს კიბერსივრცეში მეტი დანაშაული ხდება ვიდრე ეს შსს-ს სტატისტიკაშია. უბრალოდ საზოგადოებას და კომპანიებს არ აქვთ ე.წ კულტურა, რომ შსს-ს კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის მიმართონ“, - განაცხადა ანზორ მეხრიშვილმა. 

რაც შეხება შეკითხვას, შესაძლოა თუ არა კიბერდამნაშავის სამიზნემ კიბერდანაშაულის პროცესში გაიგოს, რომ მის ანგარიშებზე შეტევაა? - იგი განმარტავს, რომ მხოლოდ ზარალის დადგომის შემდეგ.

„კომპანიას როდესაც ზარალი უნდება იმ მომენტში იგებს, რომ კიბერდანაშაულთან არის საქმე. შეიძლება კიბერშეტევა თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს, რომ კომპანიას წარმოდგენა არ ჰქონდეს, რომ მის სისტემაზე არაავტორიზებული წვდომა ხდება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ კიბერდანაშაული ერთ-ერთი ძნელად გამოსაძიებელია დანაშაულების ნუსხაში, რადგან ძალიან ძნელია კიბერდამნაშავის მიგნება.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპიუტერული დანაშაულის 257 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 109 შემთხვევა და შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 42.41%-ია. გასული წლის იმავე პერიოდში რეგისტრირებული იყო 245 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 84 საქმე და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 34.29% იყო. ამავე დროს შს სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში 46.43%-ით შემცირდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტები; 100%-ით -კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების შემთხვევები. კომპიუტერულ დანაშაულებს შორის გაზრდილია მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტები. წლიურად ზრდა 12.21%-ია.