მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მას ვერ ვაკმაყოფილებთ“ – ჯემებისა და მურაბების საწარმო „ჟოლი“

6404b7ac7b6fe
ლიკა მეგუთნიშვილი
05.03.23 21:55
2190
„2022 წელს წინა წელთან შედარებით, წარმოებისა და გაყიდვების 300%-იანი ზრდა გვქონდა“ - ამის შესახებ ჯემებისა და მურაბების საწარმო „ჟოლის“ დამფუძნებელმა, გურამ სუხაშვილმა BMG-სთან განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე იმდენად გაზრდილია მოთხოვნა, რომ მიწოდება ვეღარ აკმაყოფილებს.

„გვაქვს ასევე შემოთავაზება სხვადასხვა ქსელური სუპერმარკეტებიდან, რომლებსაც სურთ, რომ მათ დახლებზე ჩვენი პროდუქცია განთავსდეს. ახლა შევდივართ „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტების ქსელში, სადაც ჩვენი პროდუქცია სულ რამდენიმე დღეში იქნება წარმოდგენილი. ასევე, გვაქვს შემოთავაზებები საქართველოში არსებული სადისტრიბუციო კომპანიებისა და სასტუმროებისგან. იმდენად დიდია ყველა მხრივ მოთხოვნა, რომ ჯერჯერობით, ვერ ვაკმაყოფილებთ, თუმცა მომავალ წელს ვეცდებით, რომ წარმოება კიდევ უფრო გავზარდოთ და მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოდ“, - აცხადებს გურამ სუხაშვილი.

გარდა ადგილობრივი წარმოების გაზრდისა, კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს საექსპორტო მიმართულებითაც. პირველი საექსპორტო ბაზარი „ჟოლი“-სთვის აშშ-ი იქნება, სადაც მიმდინარე წლის სექტემბერში ექსპორტზე 60 000 ერთეულ პროდუქტს გაიტანენ.

„პირველ ეტაპზე ეს იქნება 25 სახეობის პროდუქცია, როგორც გადამუშავებული ხილი, ასევე ბოსტნეული. ეს იქნება ჯემები, მურაბები, წვენები, ასევე სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მჟავეები, აჯიკები, საწებლები და ა.შ. რასაკვირველია, ეტაპობრივად რაოდენობას გავზრდით“, - განაცხადა „ჟოლის“ დამფუძნებელმა, გურამ სუხაშვილმა.

ცნობისთვის: 2022 წელს საქართველოდან 1 მილიონ 214 ათასი დოლარის ღირებულების, 809 ტონა მურაბებისა და ჯემების ექსპორტი განხორციელდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 23%-ით გაიზარდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კი რუსეთი ლიდერობს, სადაც გასულ წელს 928 000 დოლარის ღირებულების ჯემები და მურაბები გავიდა, რაც ჯამური ექსპორტის 76%-ს შეადგენს.