მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედი გვაქვს, ჩვენი საჰაერო ხომალდი სუდანში გადარჩენილია’’ – Geo Sky

644a6fad8e5c0
ინგა მურუსიძე
27.04.23 16:55
626
„ჯეოსქაის“ ვიცე-პრეზიდენტი, შალვა კიკნაძე აცხადებს, რომ ავიაკომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელიც საომარი შეტაკებების დროს სუდანში მოხვდა, უკვე თბილისშია. რაც შეეხება საჰაერო ხომალდს, კიკნაძეს იმედი აქვს, რომ ხომალდის მდგომარეობა ისეთი იქნება, რომ ექსპლუატაციაში მისი გაშვება მოხდეს.

„ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებდით ინფორმაციას საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან ჩვენი თანამშომლების საცხოვრებელი ადგილიდან პირდაპირ ჩანდა თვითმფრინავი და გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ ხომალდი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, თუმცა მეტი დეტალი არ ვიცით. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, პირადად მეც ჩავალ ადგილზე ინჟინრებთან ერთად და გადავწყვეტთ შემდგომ ნაბიჯებს“, - თქვა მან.

კიკნაძის ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი კომპანიას იჯარით ყავდა აღებული და დაზღვეული იყო.

„ეს იყო ჩვენი ახალი პროექტი, საჰაერო ხომალდი აღებული გვაქვს იჯარით და მესაკუთრე, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანია, უკვე საქმის კურსში არიან. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდის შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია. თუმცა სადაზღვევო კომპანიამ პროცედურები, მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება. მიმდინარეობს პროცესი და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საჰაერო ხომალდი გადარჩენილია და შესაძლებელი იქნება მისი შემდგომი ექსპლუატაცია“, - ამბობს კიკნაძე.

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის სრული შემადგენლობა, რომელიც სუდანში 15 აპრილს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში მოყვა, უკვე საქართველოშია. რამდენიმედღიანი აქტიური მუშაობის შედეგად, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 20 ადამიანი, რომლებიც არიან „ჯეო სქაის“თანამშრომლები, საქართველოში დღეს დილით დაბრუნდნენ. ეგვიპტეში რჩება "მაივეის" 13 თანამშრომელი, რომელიც ქვეყანაში ხვალ დაბრუნდება.