მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე წყალბადზე გვეყოლება - მინისტრი

647466b1ca9c1
მარიამ ვარადაშვილი
29.05.23 13:11
606
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა მწვანე წყალბადის პოტენციალს სწავლობს და ამ პროცესში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკიც არის ჩართული.

საუბარია მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევაზე, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი KFW-სთან ერთად ახორციელებს.

მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით, მწვანე კი იმიტომ რომ მის მისაღებად გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროები: ქარი, მზე და წყალი. წყალბადი გამოიყენება როგორც ენერგია, რომლისგანაც შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოება ან მისი როგორც აირის მოხმარება. ამ ეტაპზე წყალბადი ყველაზე ხშირად გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისა და სასუქების წარმოებაში.

“მწვანე წყალბადის პოტენციალის შესახებ ვმუშაობთ და კონცეფციაც ჩამოყალიბებული გვაქვს. ამასთან, საკმაოდ საინტერესო საპილოტე პროექტს ვახორციელებთ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] ერთად. იმედი გვაქვს, რომ ბათუმში მწვანე წყალბადზე გვეყოლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს მთელი ჯაჭვია, რა დროსაც საჭიროა გენერაციის, გადაცემისა და შენახვის ობიექტები. კვლევა საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ რამდენად მასშტაბურად შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვანე წყალბადი”,-ამბობს დავითაშვილი.