05.მარტი .2020 13:15

„იმედია, ჩვენი ჟურნალისტები არ იქნებიან პირველები, რომლებიც საქმიანობისას დაავადდნენ კორონავირუსით“

views 313
უკან

„იმედია, ჩვენი ჟურნალისტები არ იქნებიან პირველები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით“, - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მან მედიის წარმომადგენლებს რეკომენდაციები მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაონ ამა თუ იმ ადგილას, სადაც კორონავირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხე შეიძლება იყოს.

„საქმიანობაში არავინ გზღუდავთ, მაგრამ უნდა დაიცვათ წესები. როდესაც ცდილობთ აიღოთ ინტერვიუ ნებისმიერი ადამიანისგან, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია იმ ქვეყნებში, რომლებიც არაერთხელ გამეორდა, ანუ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი შესაძლოა იყოს პოტენციური შემთხვევა. ძალიან გთხოვთ, დაიცავით წესები. კერძოთ, მოერიდეთ ახლო კონტაქტს ნიღბის გარეშე. კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება თქვენს რესპონდენტსაც და გაიკეთეთ თქვენც. ასე უფრო მეტად დაცულები იქნებით. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ინტერვიუ აიღეთ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით და ნუ დადგებით ამ ადამიანთან ძალიან ახლოს. ინტერვიუს დასრულების მერე, მიკროფონები უნდა გაიწმინდოს და მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას. არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე მოაწესრიგეთ ეს, ჩემზე კარგად თქვენ იცით. შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია. დადექით ასეთი ადამიანებისგან მეტრით, მეტრანახევრის დაშორებით. ასეთ მანძილზე მათ მიერ გამოტყორცნილი წვეთები თქვენამდე არ მოაღწევს. მოერიდეთ ინტერვიუს საერთოდ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ და ამ სახით ძალიან ინტენსიურად გამოყოფენ შესაძლო გამომწვევს“, - განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, ასე გამოიყოფა არა მარტო COVID- ის გამომწვევი, არამედ ნებისმიერი რესპირაციული, ვირუსული ინფექციის გამომწვევი და თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსი დაგაზიანებთ.

„სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე რეკომენდებულია დაამუშავოთ აპარატურა სადეზინფექციო ხსნარებით. სველი წესით გაწმენდა და დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ყველა იმ ნივთს, რომელიც ხშირად გამოყენებადია. ანუ, რასაც ყველაზე ხშირად ეხებით ხელებით და დაიცავით რესპირაციული ჰიგიენის ზოგადი წესი, რასაც ჰქვია სუფთა ხელები. ხშირად დაიბანეთ ხელები. დაუშვებელია ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს. თუ ამ წესებს დაიცავთ, ვიმედოვნებ, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიქნებით და ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით”,- განაცხადა ზახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა