მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, ENKA-სთვის არბიტრაჟი სასურველი არ არის, პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობთ - თურნავა

616d2ef89e50d
ინგა მურუსიძე
18.10.21 12:28
618
ENKA-მ გვაცნობა, რომ 1 თვეში გეგმავენ ხელშეკრულების მოშლას - ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ 22 სექტემბერს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს და $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური კომპანიის მიერ აღარ აშენდება.

თითქმის ერთი თვის თავზე bm.ge ეკონომიკის მინისტრისგან დაინტერესდა, თუ რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში, რა კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობას ინვესტორთან, რა მოლოდინები აქვთ ახლა და შესაძლებელია თუ არა კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავა იქნას აცილებული თავიდან.

ნათია თურნავას განცხადებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც თემატურ დონეზე ხვდებიან ერთმანეთს და პრობლემების მოგვარებაზე მსჯელობენ:

„ნამახვანის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაყოვნება ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გაცდა, ეს არის აბსოლუტური ზრდა. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ნიშნავს, გაზრდილი ელენერგიის მოხმარებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მომატებული მოხმარება ჩვენი საკუთარი წყაროებით იფარებოდეს და საკუთარ ელ.ენერგიას მოიხმარდნენ ბიზნესები, ადამიანები და არა იმპორტირებულს“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის მიზანი არის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შეძლოს კომპანია ENKA-სთან ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში.

„არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედია, არც ENKA -სთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს პროფესიულ დონეზე, თუმცა არა ჩემს დონეზე, ხდება იურისტების, ენერეგიტოების დონეზე კომუნიკაცია.

რაც შეეხება ერთ თვეს და ხელშეკრულებიდან გასვლას, ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასე და რა შემთხვევაში სხვანაირად. ცალმხრივად მოიწეროს და გავიდეს ინვესტორი, ასე არ ხდება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემები. არის კომუნიკაცია, გამოყოფილია სამუშაო ჯგუფები ჩვენი და მათი მხრიდან  და მიმდინარეობს პერიოდული შეხვედრები“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ყველაფერი მონიტორინგის ქვეშ აქვს.