მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, კლინიკებს ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ - ასოციაცია DRG-მეთოდზე

634d182d99c3c
ინგა მურუსიძე
17.10.22 12:59
561
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაადეკვატური ტარიფებია და იმედი გვაქვს, DRG-მეთოდის ამოქმედება კლინიკებს ამოასუნთქებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო კიკნაძემ DRG-მეთოდის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ასოციაცია აერთიანებს 100-ზე მეტ კლინიკას და თითქმის ყველა მიესალმება DRG-მეთოდზე გადასვლას. „არასწორია თითქოს ასოციაციას სურდა, რომ გადადებულიყო მისი ამოქმედება, ასოციაცია პირიქით მიესალმება ამ მოდელზე გადასვლას“, - ამბობს კიკნაძე.

„ჩვენ გქონდა ტექნიკური ხასიათის შეკითხვები. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაცხადდა, 1-ელი ნოემბრიდან გაეშვება DRG-სისტემა, ორი თვით იქნება სატესტო რეჟიმში, რაც ძალიან კარგია, რადგან ამ პერიოდში გამოჩნდება რა არის გამოსასწორებელი, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ და როგორ მუშაობს ის სამედიცინო დაწესებულებებისთვის. დღევანდელი არაადეკვატური დაფინანსების პირობებში, რომელზეც ხშირად აპელირებენ სამედიცინო დაწესებულებები, იმედი გვაქვს, რომ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება DRG, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ხდება, რას ენიჭება ქართული წონა და როგორი ეფექტის მომცემია ეს”, -განაცხადა კიკნაძემ.

კითხვაზე, კლინიკების შემოსავალი გაიზრდება თუ არა, კიკნაძე პასუხობს, რომ დღეს არის არაადეკვატური ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

„დღეს არის საკმაოდ ზარალიანი სამედიცინო დაწესებულებები ხშირ შემთხვევაში, DRG მთელ მსოფლიოში არის კლინიკებისთვის სამართლიანი დაფინანსების მოდელი და იმედი გვაქვს, რომ კლინიკებს ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ და შესაბამისად, გაუმჯობესდება პაციენტის მომსახურების ხარისხი. თუ ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, თუმცა ჩვენ დაწერილი სამართლებრივი აქტი ან დოკუმენტი არ გვაქვს ნანახი და ამას ამ ორი თვის მანძილზე ვნახავთ, პაციენტებს თანაგადახდა არ მოუწევთ“, - განაცხადა კიკნაძემ.

ცნობისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება.DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.