მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, მეტი გერმანული ინვესტიცია შემოვა საქართველოში, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ - ელჩი

60b624eb36a56
ინგა მურუსიძე
01.06.21 16:26
1098
"იმედი მაქვს, მეტი გერმანული ინვესტიცია შემოვა საქართველოში", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა პარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დიპლომატების მოხსენება დეპუტატებმა მოისმინეს.

„რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა რესურსი გვაქვს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის, მე გიპასუხებთ: ჩვენ ძალიან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ. პირველი, რაც აზრად მომდის, არის მეწარმეობა და ბიზნესი. გერმანულ კომპანიებს აქვთ კარგი ინვესტიციები საქართველოში, მათ შორის „ჰაიდელბერგს“, „კნაუფს“, „მეიჯერალს“ და ა.შ. „მეიჯერალი“ ასაქმებს ასობით ქართველ ახალგაზრდას, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ და ემსახურებიან მომხმარებელს არაერთ ქვეყანაში. საკმაოდ კარგად მუშაობენ კომპანიები საქართველოში, თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ მეტი გერმანული ინვესტიცია იქნება საქართველოში და მეტი ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის. შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ამაზე, კონტაქტების და იმ ადამიანების მოძიებით, ვინც მზად იქნება ჩამოვიდეს საქართველოში და ნახოს შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში. აქ უკვე უნდა ვისაუბროთ სტრუქტურულ თემებზე, როგორიც არის განათლება და პროფესიული მომზადება გერმანიაში და ა.შ.“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, არსებობს საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართველი სტუდენტები გერმანიაში მიდიან სასწავლებლად და პროფესიებს ეუფლებიან.

„უახლოეს დღეებში სერტიფიკატებს გადავცემ ქართველებს, რომლებმაც გერმანიაში მიიღეს პროფესიული განათლება მათ ტურიზმის სპეციალობით, ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე მეღვინეებს და საკმაოდ კარგი პროფესიონალები გახდნენ. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას“, - აღნიშნა ელჩმა.