მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, „მწვანე პასპორტი“ სამედიცინო და საგანმანათლებლო სექტორებზეც გავრცელდება - ზოიძე

618a73588209b
მარიამ ვარადაშვილი
10.11.21 12:10
710
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, ე.წ. „მწვანე პასპორტის“ მექანიზმის ამოქმედებას მიესალმება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან საკითხად აღნიშნული სისტემის სამედიცინო და საგანმანათლებლო სექტორში ამოქმედებას მიიჩნევს.

როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში თქვა, მართალია, ექიმების უმეტესობა აცრილია, თუმცა სამედიცინო პერსონალი - სანიტრების და ექთნების დიდი ნაწილი - ასაცრელია. “სამედიცინო სფეროში იმ ადამიანს რა უნდა, ვისაც ვაქცინის არ სჯერა?”, - ამბობს აკაკი ზოიძე.

ჯანდაცვის ექსპერტი ვარაუდობს, რომ “მწვანე პასპორტების” რეგულაციამ აცრისკენ შეიძლება უბიძგოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციას დიდად არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა არც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. როგორც ის ამბობს, ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა, დაახლოებით, 30%-ია.

„მწვანე პასპორტების” ეფექტს როდესაც დავინახავთ, იმედი მაქვს, ამის შემდეგ გადაიდგმება ძალიან ლოგიკური ნაბიჯი და ის გავრცელდება სამედიცინო და საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულებზე და ასევე, სამასპინძლო ბიზნესზე ანუ პირი ან უნდა იყოს ვაქცინირებული ან გაიტესტოს საკუთარი ხარჯით. მოგეხსენებათ, პერიოდულად ეს ჯგუფი ისედაც იტესტება, მაგრამ - სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო ვინც არ აიცრება და არც თავისი ფინანსებით გაიტესტება, პანდემიის პერიოდში გავიდეს უხელფასო შვებულებაში; როცა ინფიცირების 6 ათასი შემთხვევა გაქვს და 70 ადამიანი გეღუპება, არ მესმის, რეგულაციების შემოსაღებად ამაზე უარესი სიტუაცია რა უნდა იყოს,” - აცხადებს აკაკი ზოიძე.

რაც შეეხება იმას, რატომ არ გავრცელდება 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო მოლებზე, ჯანდაცვის ექსპერტი ამ ნაწილში მთავრობის წევრების და ეპიდემიოლოგების ლოგიკას იზიარებს და ამბობს, რომ კონტროლი და შესაბამისად, აღსრულება რთული იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი ტრანსპორტსა და სავაჭრო მოლებზეც გავრცელებულიყო, მაგრამ როგორც ვხვდები, რამდენად იქნება შესაძლებელი მათი გაკონტროლება, ეს იყო მთავარი საკითხი. გახსოვთ, ტემპერატურის გაზომვაზე დგებოდა რიგი, სანამ ავტომატურ საზომებს დააყენებდნენ. ამდენად, სავარაუდოდ, რიგებისა და ადამიანების გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით მოიქცნენ ასე, რადგან მოლებში ტემპერატურა მაინც მოწმდება, ეს საკმარისი არ არის, თუმცა ყოველ შემთხვევაში ლოგიკა გარკვეულწილად მესმის. რაც შეეხება ტრანსპორტს, აქაც აღსრულების ნაწილია... საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯერ პირბადეების ტარების კონტროლია საჭირო და შემდეგ უკვე დანარჩენი სხვა. ბევრ ქვეყანაში ტრანსპორტზე მსგავსი რეგულაცია არ არის, თუმცა მოლებში არის ასეთი რეგულაციები. სჯობს, საერთოდ არ შემოიღო რეგულაცია თუ მას ვერ აღასრულებ. სათანადო აღსრულება ამ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ზოიძე.